„აღიარება“(1970, საფრანგეთი, რეჟისორი კოსტა გავრასი)
1970 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ ერთ დასავლელ მეგობარზე თქვა უარი. ფრანგი რეჟისორის, კოსტა გავრასის „აღიარების“ პრემიერის შემდეგ, ივ მონტანი, რომელიც ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს, „კაპიტალისტური შოუ-ბიზნესის მორიგ მსხვერპლად“ გამოაცხადეს. ფირფიტების ჩამწერმა ფირმა „მელოდიამ“ მაღაზიებიდან ამოიღო მოსკოვში ჩატარებული ივ მონტანის კონცერტის ჩანაწერი, აიკრძალა ფილმები ივ მონტანის მონაწილეობით, გაქრა წიგნები, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდისტებმა ფრანგ კომუნისტს, მომღერალს და მსახიობს მიუძღვნეს.
არადა, როგორ ეტრფოდნენ. განსაკუთრებით თავის მეუღლესთან, სიმონა სინიორესთან ერთად 1959 წელს, მოსკოვში ჩატარებული გასტროლების შემდეგ. ივ მონტანმა მაშინ კონცერტი გამართა, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმის, „შიშის საფასურის“ პრემიერას დაესწრო და საჯაროდ განაცხადა, რომ არასდროს უღალატებს კომუნისტურ იდეალებს... 1990 წელს, როცა ეს კომუნისტური იდეალები მთელ მსოფლიოში შეირყა, ივ მონტანი ხელახლა ჩამოვიდა, ახლა უკვე სულ სხვანაირ საბჭოთა კავშირში. თავისი „რეაბილიტაციის“ საღამოზე, რომელიც მოსკოვის კინოს სახლში გაიმართა, მსახიობმა აღნიშნა, რომ 1956 წელს, როცა რუსებმა უნგრეთის რევოლუცია ჩაახშეს, მისი ვიზიტი მოსკოვში იყო შეცდომა, რომელიც 1968 წლის ზაფხულში გაიაზრა, ახლა უკვე პრაღაში საბჭოთა ტანკების შეჭრის შემდეგ.
ივ მონტანს თან ახლდა კოსტა გავრასი, რომლის „აღიარების“ დაგვიანებულ პრემიერას არა მარტო „პერესტროიკის“ ლიბერალური ინტელიგენცია, არამედ გორბაჩოვის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ. ვფიქრობ, მიხეილ გორბაჩოვს, რომელსაც “ადამიანური სოციალიზმის“ იდეების აღორძინება სურდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებით, ძალიანაც აწყობდა კოსტა გავრასის ფილმის პათოსი; თავად რეჟისორს არაერთხელ უთქვამს, რომ „აღიარება“ არ არის ანტიკომუნისტური ფილმი... რომ: „ესაა კინო სტალინიზმის წინააღმდეგ, „მარქსისტული გზავნილებით“. არაა, ალბათ, შემთხვევითი, რომ ფილმის ფინალში, რომელშიც ჩართულია 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ ქრონიკა, ჩნდება ცნობილი წარწერა: „ლენინო, გაიღვიძე. ესენი ჭკუიდან შეიშალნენ!“
დიახ. „აღიარების“ მთავარი გმირი კომუნისტია, რომელსაც მისივე პარტიის წევრები აპატიმრებენ და აწამებენ. „ცუდი კომუნისტები“ სჯიან „კარგ კომუნისტს“. ერთი შეხედვით ესაა სულ მთელი ფილმი, გადაღებული ამ რეჟისორისთვის დამახასიათებელი სწორხაზოვნებით, რომელიც გამართლებულია რაღაცნაირი, პრინციპული დიდაქტიკურობით და პოლიტიკური პოზიციის მკაფიოდ გამოხატვის სურვილით. მაგრამ თუკი „აღიარებას“ იმ მოვლენებთან მიმართებაში განვიხილავთ, რომლებიც დღეს ხდება, უთუოდ დავინახავთ კოსტა გავრასის ფილმში იმას, თუ როგორ კლავს სისტემა არა მხოლოდ თავის ერთგულ ჯარისკაცებს, არამედ მეხსიერებას, რწმენას, სინდისს, ენას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რადგან რეჟიმი ოსტატურად ახერხებს სიტყვას დაუკარგოს თავისი მნიშვნელობა, ანდა შექმნას გარემო, რომელშიც ენა აღარ ნიშნავს არაფერს.
„აღიარება“ არის ისტორია არტურ ლონდონისა, კაცისა, რომელიც ლამის ბავშვობის წლებიდან სოციალისტური იდეების ერთგული იყო. ლონდონი, რომელიც ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, 1951 წელს დააპატიმრეს, ჩეხოსლოვაკიის მთავრობის მეორე კაცთან, რუდოლფ სლანსკისთან და კიდევ პარტიის 13 აქტივისტთან ერთად (აქედან 11 კაცი ებრაელი იყო). მათ ტროცკისტობას და სიონისტობას აბრალებდნენ (სასამართლო პროცესებს ანტისემიტური ხასიათი ჰქონდა). სლანსკიმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ლონდონს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1955 წელს გაათავისუფლეს. 1963 წელს არტურ ლონდონმა საფრანგეთში ემიგრაცია გადაწყვიტა. პარიზში მან გამოსცა მოგონებების წიგნი, რომელიც კოსტა გავრასის ფილმს დაედო საფუძვლად. თუმცა რეჟისორი ლონდონის ცხოვრების მხოლოდ ამ ეტაპით არ დაკმაყოფილებულა. სტალინურ რეპრესიების წლებს დაემატა ახალი დრო - 1968 წლის „პრაღის გაზაფხული“.
კოსტა გავრასი აშკარად ცდილობს ნამდვილი ამბავი დააშოროს კონკრეტული დროისა და სივრცის საზღვრებს. პრაღის ისტორიული პროცესები მხოლოდ საბაბია ტოტალიტარული რეჟიმის სურათის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ არ ძველდება „აღიარება“. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ფილმის ნახვა დღეს.
ანტისემიტიზმი, როგორც წესი, შენიღბულია ხოლმე სტალინურ პროცესებში, მაგრამ თითქმის ყოველთვის წამყვანია, როგორც პოლიტიკური პარანოიის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მხოლოდ სახელი ეცვლება. ამბობენ „ტროცკიზმი“, მაგრამ სულ სხვას გულისხმობენ. ამბობენ „დიპ სტეიტი“, მაგრამ კონკრეტულს ვერ ასახელებენ, რადგან არსებითად ეს კონკრეტული არ არსებობს ძალაუფლების გარდა, რომლის შესანარჩუნებლად შეთქმულების თეორიებს იშველიებენ ხოლმე. ასეთ გარემოში, ინკვიზიციად ქცეულ სასამართლოში, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების პირობებში უკვე ყველაფერს იტყვიან, რასაც პარტია მოსთხოვს. „კი, მე ტროცკისტი ვარ!“, „კი, მე სიონისტი ვარ!“, „კი, ვაღიარებ!“. უფრო მეტიც, შეიძლება თავადაც დაიჯერონ, რომ მტერს ემსახურებოდნენ. ბოლოს და ბოლოს უვადო პატიმრობა უკეთესია, ვიდრე ჩამოხრჩობა. იმ გარემოშიც კი, რომელსაც კოსტა გავრასი, ოპერატორ რაულ კუტართან ერთად ქმნის თავის ფილმში.
აქ მოქმედება მიმდინარეობს მიწისქვეშა დერეფნებში, ნესტიან კამერებში, სადაც ჯალათები ძილსაც კი უკრძალავენ პატიმრებს. საჯარო აღიარებას უნდა ჰქონდეს ცერემონიის, რიტუალის ხასიათი, რათა ხალხის თვალში პარტიის უმწიკვლობა დამტკიცდეს. ამ კაფკიანურ გარემოში ივ მონტანი უბრალოდ მსახიობი-მეფეა, განსაკუთრებით დაკითხვის სცენებშია დაუვიწყარი. ჩვენ ვხდებით მოწმეები ადამიანის სრული განადგურებისა, მისი იდენტობის დაშლისა, რაც კულმინაციას აღწევს აღიარების „რეპეტიციის“, ტექსტის დაზეპირების სცენაში, როდესაც ციხის კამერა საავადმყოფოს პალატას ემსგავსება, ანუ როცა ძალადობა ხილულიც კი აღარაა. ძალადობის საჭიროება აღარც არსებობს იქ, სადაც ადამიანებს იდენტობა უკვე დაკარგული აქვთ.
სხვათა შორის, „აღიარების“ ავტორებმა გადაღების განრიგი რეალური ისტორიის თანმიმდევრობას დაამთხვიეს. ამასობაში ივ მონტანმა წონაში 17 კილოგრამი დაიკლო და ასე, კიდევ უფრო მეტად გაითავისა თავისი პერსონაჟი, მისი ფიზიკური ტრანსფორმაცია, უფრო სწორად მისი კვდომა წარმოგვიდგინა. ივ მონტანმა და კოსტა გავრასმა, უბრალოდ, გაგვახსენეს, რომ ადამიანი შეიძლება არც აწამო, მაგრამ შეგიძლია შეაყვარო ტყუილი, რომელიც თავად უნდა თქვას. უნდა იმეოროს ტყუილები! უნდა იმეოროს „ტროცკისტი!“, „დიპ სტეიტი!“, „ტროცკისტი!“, „სიონისტი!“, „დიპ სტეიტი!“... ესაა ადამიანური ენის ნგრევა - შესაძლებელია, როგორც ყველაზე ამორალური ძალადობის ფორმა ამ სამყაროში.
ივ მონტანის დაბრუნება დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირში ფირზე აღბეჭდეს; დიდმა ფრანგმა დოკუმენტალისტმა კრის მარკერმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც „აღიარების“ დაგვიანებულ პრემიერას ეძღვნება და რომლის ნახვა იუტუბზე შეგიძლიათ.
ფორუმი