Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

მოკლედ

  • ტიმურ მინდიჩთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი ზელენსკის მთავრობას სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად ექცა.
  • ბრალდებულებს ადანაშაულებენ ენერგოკონტრაქტებიდან მილიონობით დოლარის ქრთამების მოთხოვნაში, რაც ნდობას ამცირებს როგორც უკრაინაში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
  • ზელენსკი საჯაროდ გაემიჯნა სკანდალში მონაწილეებს და სანქციები დააწესა მათ ქონებაზე, ასევე აღუთქვა ანტიკორუფციული ზომების გამკაცრება.

ტიმურ მინდიჩთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად იქცა მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.
მინდიჩს და სხვა ბრალდებულებს ადანაშაულებენ ენერგოკონტრაქტებიდან მილიონობით დოლარის ქრთამების მოთხოვნაში; ზელენსკი მათ საჯაროდ გაემიჯნა, თუმცა სკანდალი საფრთხეს უქმნის რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მთავრობის მიმართ ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ.

კორუფციული სკანდალის ცენტრალური ფიგურა, ტიმურ მინდიჩი, პრეზიდენტ ზელენსკის ძველი მეგობარი და ყოფილი ბიზნესპარტნიორია. სამართალდამცავების ინფორმაციით, მინდიჩი ქვეყნიდან გავიდა, სანამ პოლიცია მის სახლს გაჩხრეკდა.

პროკურორებმა სასამართლოში თქვეს, რომ აქვთ სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ზელენსკი ესაუბრება გამოძიების კიდევ ერთ ფიგურანტს, იუსტიციის მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოს, მაშინ, როდესაც ჰალუშჩენკო ჩართული იყო ჯგუფურ ზარში მინდიჩსა და ალექსანდრ ცუკერმანთან, მინდიჩის პარტნიორთან, რომელსაც ასევე აქვს წაყენებული ბრალი და ასევე დატოვებული აქვს ქვეყანა.

ჰალუშჩენკოსთან სავარაუდო საუბრის დეტალები და მანამდე მინდიჩთან ტექსტური მიმოწერა უცნობია, და ზელენსკი გამოძიების ქვეშ არ არის. მაგრამ მისი კავშირები მინდიჩთან არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს სკანდალი 2019 წელს მისი პრეზიდენტიდან არჩევნების შემდეგ, მისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამოწვევად შეიძლება გადაიქცეს. მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა პოლიტიკოსი იყო, კომედიანტი, რომელმაც პრეზიდენტის როლი შეასრულა კომპანია „კვარტალი 95 -ის" სატელევიზიო შოუში და ამ კომპანიის თანამესაკუთრე იყო მინდიჩთან ერთად.

მშვიდობისკენ სწრაფვა ზელენსკის პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მაშინ, როცა რუსეთსა და ანტიკიევურ ძალებთან ომი დონბასში ნელ ცეცხლზე შემოდებულ კონფლიქტს ჰგავდა. მაგრამ რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ პოლიტიკა პრაქტიკულად მეორე პლანზე გადასწია და ზელენსკი ერთგვარად დაიცვა იმ გამოწვევებისგან, რასთან გამკლავებაც მას, როგორც მშვიდობიანი დროის ლიდერს, მოუწევდა.

ერთი მხრივ, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არჩევნებს საომარი მდგომარეობის დროს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინელები ამ საომარ დროს, სამი წელია გამორჩეულ ერთობას აჩვენებენ – ფენომენს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ზელენსკის შეუპოვრობას. რომ არა ეს სიმამაცე, რუსეთის შეტევა, ბევრის აზრით, ქვეყანას რამდენიმე დღეში დააჩოქებდა.

პოლიტიკური ბზარები დროდადრო მაინც ჩნდებოდა, მაგალითად, 2023 წელს, როდესაც ზელენსკისა და მისი მაშინდელი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის, დაძაბულობა საჯაროდ გამოვლინდა. შედეგად, პოპულარულმა გენერალმა პოსტი დატოვა და გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, როდესაც, თუკი, დაინიშნებოდა.

„უკონტროლო პოლიტიკური კრიზისის“ საფრთხე

ომის პერიოდის ერთობა პოლიტიკურ დაპირისპირებებს არბილებს, მაგრამ „ოპერაცია მიდასის“ მასშტაბის სკანდალი ბევრად ზრდის პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკს.

მისი პირდაპირი შედეგების მიღმა, სკანდალი „შეიძლება მომავალ წელს სხვადასხვა შიდაპოლიტიკური კონფლიქტისა და სცენარის მამოძრავებელი ძალა გახდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ომი დასრულდება და ომისშემდგომი არჩევნები გაიმართება“, — უთხრა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვოლოდიმირ ფესენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

„მთავარი სოციალურ-პოლიტიკური გამოწვევა... არის ბალანსის პოვნა სრული გამოძიების აუცილებლობასა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას შორის სრულმასშტაბიან ომში [უკონტროლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად]“, - თქვა მან.

საფრთხეს მხოლოდ ზელენსკის სკანდალში გახვეულ ადამიანებთან კავშირები არ ქმნის. სულაც არა.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეასუსტოს ნდობა ზელენსკის მიმართ როგორც ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებში, ასევე უკრაინის დასავლელ პარტნიორებში — და უკრაინელებში როგორც უკრაინაში, ისე - საზღვარგარეთ.

სკანდალი, რომელიც რუსული თავდასხმების პირობებში აფეთქდა ნაღმივით, უშუალოდ უკავშირდება ომს და მთავრობის მთავარ ვალდებულებას - მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

ბრალდებულებს ადანაშაულებენ, რომ „ენერგოატომის“ კერძო ქვეკონტრაქტორებისგან 10-15%-იან ქრთამებს ითხოვდნენ - და, როგორც ჩანს, ეს შეეხება ენერგოობიექტების დასაცავად განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კონტრაქტებსაც.

გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულთა მოთხოვნილი ქრთამების საერთო რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონ დოლარს აღწევს.

NABU და SAPO

ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO) ენერგეტიკის სექტორში კორუფციას 15 თვის განმავლობაში იძიებდნენ, სანამ საქმე საჯარო გახდებოდა.

ამის გამო გაჩნდა ეჭვები, რომ ზელენსკისა და მისი მოკავშირეების მცდელობა ივლისში, შეეზღუდათ კიევის ანტიკორუფციული ბრძოლის ქვაკუთხედად მიჩნეული ორი უწყების დამოუკიდებლობა, შესაძლოა სწორედ გამოძიების ჩახშობას ემსახურებოდა.

ჯერჯერობით არ გამოკვეთილა ისეთივე ქუჩის პროტესტების ნიშნები, რომლებმაც, თავის დროზე, როგორც ჩანს, ზელენსკის უკან დაახევინა. ახლა ვითარება სხვაგვარია. მაშინ დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ მის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტს.

და ახლა იმ ფონზე, როცა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე არ თანხმდება და ომის დასრულებაც არ ჩანს, სკანდალი დამატებით არგუმენტებს აძლევს ევროპასა და აშშ-ში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების წინააღმდეგ ბრძოლაში მუდმივად კორუფციაზე მიუთითებენ. შესაძლოა, ახლა ეს სკანდალი კიევზე ზეწოლისთვისაც გამოიყენონ, რათა ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.

ზელენსკი პოლიტიკური და საერთაშორისო ზიანის შესამცირებლად ცდილობს მინდიჩსა და გამოძიების სხვა შვიდ ფიგურანტს გაემიჯნოს. 13 ნოემბერს მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სანქციები დააწესა მათზე, მინდიჩის და ცუკერმანის ქონებისა და ანგარიშების გაყინვის ჩათვლით.

12 ნოემბერს ზელენსკიმ „ბლუმბერგს“ უთხრა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ მინდიჩთან აღარ უსაუბრია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის განაჩენი დამნაშავე ადამიანებისთვის", - თქვა მან. "ომის დროს ქვეყნის პრეზიდენტს არ შეიძლება მეგობრები ჰყავდეს.“

ნდობის საკითხი

ჰალუშჩენკომ, რომელიც ბრალდებულია ქრთამის მიღებაში, და ენერგეტიკის მინისტრმა სვიტლანა ჰრინჩუკმა, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მათი გადაყენება მოითხოვა, 12 ნოემბერს გადადგომის თხოვნით მიმართეს პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს. ჰრინჩუკი სკანდალში არ ფიგურირებს, და ორივე უარყოფს დანაშაულს.

13 ნოემბერს სვირიდენკომ განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო კომპანია აუდიტს გაივლის.

ზელენსკიმ ასევე სცადა დასავლეთის დამშვიდება. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის აპარატმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ „სრული გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გრძელვადიანი მხარდაჭერა და სწრაფი ზომები აღუთქვა უკრაინის ხალხის, ევროპელი პარტნიორებისა და საერთაშორისო დონორების ნდობის აღსადგენად.“

რისკებს ვერავინ გამორიცხავს. ბევრი რამ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, დაუბრუნდებიან თუ არა მინდიჩი და ცუკერმანი უკრაინას და წარდგებიან თუ არა სასამართლოში, და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც მთავრობა გადადგამს კორუფციის აღმოსაფხვრელად — მათ შორის უმაღლეს დონეებზეც.

ამ ეტაპზე ის ფაქტი, რომ სკანდალი საჯაროდ აფეთქდა, რისი ალბათობაც, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში ან სხვა ავტოკრატიულ ქვეყანაში ნაკლები იქნებოდა, შესაძლოა ზელენსკისთვის საუკეთესო არგუმენტი იყოს, რომ ის მართლა იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ.

გამომძიებელი ჟურნალისტი იური ნიკოლოვი, გამოცემა „ნაში გროშის“ („ჩვენი ფული“) რედაქტორი, რომელმაც სამხედრო მარაგებსა და მთავრობის ხარჯებზე კორუფციის მტკიცებულებები გამოამჟღავნა, ამბობს, რომ „ამ კორუფციაზე წლებია ვლაპარაკობო - ჰალუშჩენკოზე, მინდიჩზე და სხვებზე.“

„ფინალი შორიდანვე ჩანდა, მაგრამ როგორღაც შეუმჩნევლად მიჩოჩდა ხელისუფლებასთან, - უთხრა მან Current Time-ს. - ჩემთვის ეს დიდი შვებაა, რადგან აჩვენებს მსოფლიოს, რომ ჩვენ არა მარტო კორუფცია გვაქვს, არამედ ვიბრძვით მის წინააღმდეგ.“

სტატიაში გამოყენებულია როსტისლავ ხოტინის, RFE/RL-ის უკრაინული სამსახურისა და Current Time-ის რეპორტინგი.


XS
SM
MD
LG