„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა” დაუჯერებელი ბრალდებაა ადგილობრივებისთვის, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა. მირზა ალიევს ყველა კანონმორჩილ, მშვიდ და გულისხმიერ ადამიანად იხსენებს.
ალიევი ბოლო წლებში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალების 2-სართულიანი მაღაზია ჰქონდა, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ ლაგოდეხის საკრებულოს ორგზის წევრი - ბოლომდე “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერი იყო.
- 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში - მირზა ალიევმა კაბალის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მხარდაჭერით [მაჟორიტარი] იყარა კენჭი და პირველსავე ტურში - 60.2%-იანი მაჩვენებლით გაიმარჯვა;
- 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში - ალიევი "ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო - 93.11%-იანი მაჩვენებლით მოუგო კონკურენტებს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას” და საკრებულოში “ოცნების” მხარდამჭერი გახდა.
კონკრეტულად რა ბრალდება ალიევს?
7 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ ახალი დეტალები გაახმაურა:
- “ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა” მირზა ალიევმა “ქურდულ საერთოში" გადასახდელი თანხის შესამცირებლად, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა”;
- “საკითხის მოსაგვარებლად, ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები”;
- “ქურდული გარჩევის გზით, საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რის სანაცვლოდაც, მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს 6 ათასი აშშ დოლარი გადასცა”.
- ამ პერიოდში მირზა ალიევმა ციხეში მყოფ „ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა”.
“ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერას სს კოდექსის 2233 -ე მუხლი არეგულირებს. დანაშაული, სხვადასხვა ქვეპუნქტით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მაქსიმუმ 7 წლამდე. მუხლი 2234 - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღებას ითვალისწინებს. მაქსიმალური ვადაა - თავისუფლების აღკვეთა რვა წლამდე.
მანამდე, შს სამინისტრო აცხადებდა, რომ, [5 ნოემბერს] ღამით, როდესაც საქართველოს მასშტაბით, “ქურდულ სამყაროსთან” სხვადასხვა სახის კავშირის გამო ათეულობით ბრალდებული დააკავეს - “გაცემული იყო მოსამართლის განჩინება” ალიევის დაკავების შესახებაც.
გამოძიების თანახმად, სპეცოპერაცია ალიევის სახლში სწორედ მისი დაკავების მიზნით ჩატარდა, მაგრამ მან “ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით”, “შედეგად, გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი”, ხოლო "პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული".
ოჯახის წევრები და ახლობლები არ უარყოფენ, რომ ალიევმა იმ ღამით, საკუთარ სახლში შეჭრილ “ნიღბიანებს” მართლაც ესროლა, თუმცა არა როგორც სპეცრაზმელებს - “მას ისინი ქურდები ეგონა”. ადგილობრივ მედიასთან ოჯახის წევრები ამბობენ ასევე, რომ - ალიევმა კანონიერად გაფორმებული იარაღიდან ისროლა; იარაღი კი სასთუმალთან - კრიმინალებისგან, ყაჩაღებისგან ოჯახის დასაცავად ედო. ახლობლები ლაპარაკობენ “რეკეტზეც” - ბიზნესმენს უცნობები ფულს სძალავდნენო.
"უწესეიერესი", "კანონმორჩილი" - როგორ იხსენებენ ალიევს
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მათი გზები გაიყო - ლაგოდეხის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ევა ლომთაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ალიევი “უწესიერესი”, “საოცრად კანონმორჩილი” ადამიანი იყო და უბრალოდ დაუჯერებელია მის წინააღმდეგ გახმაურებული ბრალდებები.
ევა ლომთაძე მირზა ალიევს 1998 წლიდან იცნობდა - როცა ახალგაზრდულ დეპარტამენტში თავად სამმართველოს უფროსი, ხოლო ალიევი - კაბალში ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორი იყო.
“მირზაზე ავის მთქმელი არ არსებობს მთელ ლაგოდეხში, თუ თავად არ არის ბოროტი ადამიანი. საოცრად კარგი ცოლ-შვილი ჰყავს და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გოგონების განათლებას, წინააღმდეგი იყო ადრეული ქორწინების. აზერბაიჯანული თემიდან ასეთი დამოკიდებულების პირველი ადამიანი იყო, რომელიც მე შემხვდა და ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს”, - გვეუბნება ევა ლომთაძე.
ადგილობრივი ჟურნალისტის, მაჰირ სულეიმანოვის თქმით, კაბალში და მის მიმდებარე სოფლებში “ყველა ერთმანეთს იცნობს”, მაგრამ “ეს [რომ მირზა ალიევი “ქურდული სამყაროს” მხარდამჭერი იყო] არავის უნახავს და არც სმენია”.
“ძალიან კარგი ადამიანი იყო… ის ასეთი საქმეებით არასოდეს იყო დაკავებული”, - ეუბნება მაჰირ სულეიმანოვი რადიო თავისუფლებას.
რა ისმის ფარულ ჩანაწერში?
15-წუთიან აუდიოჩანაწერში, რომელიც “ქართული ოცნების” შს სამინისტრომ 5 ნოემბერს “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული დანაშაულების მტკიცებულებად გაავრცელა, როგორც მიუთითებენ - მ.ა.-ს [მირზა ალიევის] ხმა რამდენიმე ეპიზოდში ისმის - ვინმე ნ.ა.-სთან სატელეფონო საუბრისას. ისმის მუქარაც, თუმცა გაუგებარია - რისთვის.
საუბრის შინაარსი ასეთია:
მ.ა. [მირზა ალიევი]: "აი ახლა, იცი როგორი რამე გამოდის? შენ ჩემს ავტორიტეტს აფუჭებ, გაიგე?"
"შემხვდი, შემხვდი, აბა ერთი შემხვდი. ამოდი, აბა ერთი აქეთ ამოდი რა. ხალხი არიან, გელოდებიან და აბა ერთი ამოდი".
ნ.ა. - მე სახლიდან გარეთ არსად არ გავალ.
მ.ა. [მირზა ალიევი]: "შენ სახლიდან გარეთ სადაც გნახავ, იქ დაგლეწავ მე პირადად, გამიგე ძმა? სადაც გნახავ"
"თუ გინდა აფენში მიდი ეხლა, თუ გუნდა ლაგოდეხში მიდი. სადაც გნახავ, პირადად მე გეუბნები მაგას შენ, იქ დაგლეწავ, კომაში ჩაგაგდებ იქა".
სოციალურ ქსელებში ახლობელი წერს, რომ ჩანაწერში მირზა ალიევის ხმა არ არის.
ალიევი არ იყო ის პიროვნება, ასეთი სახის სპეცოპერაცია რომ ჩაეტარებინათ [მის წინააღმდეგ] - ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, საზოგადოებაში წარმოჩენილი, არსად არ გარბოდა და ეჭვი არავის ეპარება, რომ [საგამოძიებო უწყებაში] მივიდოდასამოქალაქო აქტივისტი ელვინ თაღიევი
"ქურდულ სამყაროსთან" მირზა ალიევის კავშირი დაუჯერებელია სამოქალაქო აქტივისტ ელვინ თაღიევისთვისაც, რომელიც წარმოშობით სოფელ კაბალიდან არის. იხსენებს ახალგაზრდების დახმარებას, საქველმოქმედო პროექტებს, რომელშიც მირზა ალიევი მონაწილეობდა და ამბობს, რომ - “სოფელში პატივსაცემი, განათლებული ადამიანი იყო”.
“ეს სპეცოპერაცია, რაც სახლში ჩაუტარეს, ეგ იყო დიდი შეცდომა. შეიძლება არავის არ უნდოდა მსგავსი შედეგი, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სპეცოპერაცია არაწარმატებული იყო.
ალიევი არ იყო ის პიროვნება, ასეთი სახის სპეცოპერაცია რომ ჩაეტარებინათ [მის წინააღმდეგ] - ჯერ ერთი, ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, საზოგადოებაში წარმოჩენილი, არსად არ გარბოდა და არაფერი და შესაძლებელი იყო, ალბათ, რომ სპეციალური უწყებით გამოეძახებინათ საგამოძიებო უწყებაში და ეჭვი არავის ეპარება, რომ - მივიდოდა. არ გაიქცეოდა”, - გეუბნება ელვინ თაღიევი.
მსგავსი წუხილი სხვებსაც აქვთ და ეს სოციალურ ქსელებშიც ჩანს:
- “რა საჭირო იყო ღამის სამ საათზე სახლის კარების შემტვრევა და საძინებელში კაცის ჩაცხრილვა?... დაიბარეს და არ გამოცხადდა?”
- “დილიდან საღამომდე მაღაზიაში იყო ხოლმე. მივიდა იქ ვინმე სამართალდამცავი და არ გაყვა?”
- "... უბრალოდ არ უთხრეს რომ პოლიცია იყო და წამოაგეს პროვოკაციაზე საწყალი... შემეცოდა, როგორი ვაჟკაცი ყოფილა და როგორ გაიმეტეს საწყალი"
თუმცა ასევე ბევრი წერს, რომ ალიევმა სასიკვდილოდ გაიმეტა სპეცრაზმელი, როცა ესროლა და შესაბამისად, მისი დაცვა ვეღარავინ უნდა გაბედოს. “და რატომ ედო მომზადებული იარაღი საწოლთან? ვის ელოდებოდა?”, “კანონიერი იარაღი დაშლილი უნდა ინახებოდეს სახლში” - წერენ ისინი. მირზა ალიევის მომხრეები კი სოფელ კაბალში ახლახან მომხდარ ტრაგედიას ახსენებენ - როდესაც ბიზნესმენი ბაზრის ტერიტორიაზე ჩაცხრილეს. ადგილობრივები მაშინაც "ბიზნესის რეკეტზე” ლაპარაკობდნენ.
7 ნოემბერს, შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სოფელ კაბალში იგეგმებოდა მკვლელობა - საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტის" დაკვეთით.
5 ნოემბერს, გვიან ღამით, როდესაც სოფელ კაბალში, მირზა ალიევის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, ადგილობრივების ინფორმაციით, შინ იყვნენ ოჯახის წევრები, მათ შორის - ცოლი და ორი შვილი. ალიევის ხანდაზმული მამა მედიას უყვება, რომ - სპეცრაზმელების შევარდნის გამო, ის საწოლიდან გადმოვარდა; მთელი ამ სპეცოპერაციისას კი მრავალი გასროლის ხმა გაიგო. სხვადასხვა ინფორმაციით, ალიევის სახლში 10-ზე მეტი ნატყვიარი დათვალეს.
მირზა ალიევი 6 ნოემბერს დაკრძალეს.
ფორუმი