განაჩენი მოსამართლე ნაჭყებიამ 18 ივლისს გამოცხადდა.
"ჩემი საქმე არის შეკერილი - ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო", - თქვა ანრი კვარაცხელიამ მაშინ.
განაჩენის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ხდება, რას დაეყრდნო მოსამართლე ნაჭყებია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღებისას. მისი დასაბუთება 28-გვერდიანია.
დოკუმენტის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ:
2024 წლის პირველ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირი #12-ის მიმდებარედ ყოფნისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა ანზორ კვარაცხელია, კერძოდ: ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა მათი მიმართულებით, რომელიც პოლიციის თანამშრომლების წინ დაეცა და საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ანრი კვარაცხელია გასული წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. 25 წლის ახალგაზრდას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
კვარაცხელიას დაკავებამდე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი. მასთან ერთად მყოფმა ნუცა ერემიანმა, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, როგორც ცდილობდნენ პოლიციელები სახლში მოტყუებით შესვლას და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მას, ანრისა და ანრის დას.
ამ საქმეს ორი დაზარალებული ჰყავს, გდდ-ს თანამშრომლები: ნიკა ჩავლეიშვილი და სიმონ ღამბაშიძე. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არც ერთს არ მოხვედრია, გამოძიებამ მიიჩნია, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე მაინც შეექმნა და ამ მოტივით ორივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
მოსამართლემ დაზარალებული პოლიციელების ჩვენებები სანდოდ მიიჩნია და განაჩენის გამოტანისას მათ და ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო.
გდდ-ს თანამშრომლების მონაყოლის თანახმად, 2024 წლის 1 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ყოფნისას, დაინახეს, რომ ღამის საათებში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლმოკიდებული ბოთლი, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა მათი მიმართულებით, რომელიც წინ დაეცა და ცეცხლი გააჩინა.
„2-3 მეტრის მოშორებით დავარდა, თუმცა მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა“, - წერია განაჩენში დაზარალებული პოლიციელების ჩვენებაზე დაყრდნობით.
ამ ჩვენებების თანახმად, გდდ-ს ყველა თანამშრომელს სპეციალური ფორმა ე.წ. „რობოკოპი" ეცვა. მწყობრში წინ მდგომი თანამშრომლები ასევე აღჭურვილნი იყვნენ დამცავი ფარებით, რომლებსაც ჰქონდა წარწერა „პოლიცია“.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიჩნია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის, მათ შორის ანზორ კვარაცხელიასთვის ადვილი ამოსაცნობი იყო, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და „სწორედ ამიტომ დაესხა მათ თავს“.
დაზარალებულმა პოლიციელმა, სიმონ ღამბაშიძემ დამატებით განმარტა, რომ ე.წ. „რობოკოპი“ მათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებისგან იცავს, კერძოდ ნასროლი ქვისგან და სხვა ბლაგვი საგნებისგან, მაგრამ „ცეცხლის მიმართ არ არის მდგრადი, ვინაიდან პლასტმასისგან არის დამზადებული და ადვილად ალდება“.
დაცვის მხარის პოზიციაა, "რომ ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ არცერთ პოლიციელს დაზიანებები არ მიუღიათ. შესაბამისად, ამ ქმედებით (ბოთლის სროლით) შეექმნა თუ არა ვინმეს საფრთხე და საფრთხის შექმნა არის თუ არა თავდასხმა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს.
დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსგავსი საგნის მსროლელი პირი არ არის ანზორ კვარაცხელია" - წერია განაჩენში.
რა ჩანს პროკურატურის ვიდეოში?
ანზორ კვარაცხელია შემთხვევის ადგილზე არც ერთ მოწმე პოლიციელს დაუნახავს, შესაბამისად არც ამოუცნიათ ის. თუმცა საქმეში პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ვიდეოებია.
პროკურატურის მოწმემ, პოლიციელმა გია გელაშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ ეს ორივე ვიდეო სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნახა. ერთი 16-წამიანია, მეორე კი 24-წამიანი. გამომძიებლებმა ვიდეოჩანაწერები გამოითხოვეს. ვიდეოკადრზე დაყრდნობით, ანზორ კვარაცხელია დეტექტივმა, ალექსანდრე სონიძემ ამოიცნო, რომელსაც, მისი მტკიცებით, ბრალდებული, რამდენიმე თვით ადრე, მეტროსთან შემოწმების მიზნით ჰყავდა შეჩერებული.
სასამართლოში ვიდეოების გამოკვლევის შემდეგ, მოსამართლემ დაადგინა, რომ:
- ვიდეოჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობაც 16 წამია, კადრში ჩანს რუსთაველის გამზირი, სადაც შეკრებილი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ჩანაწერის დროით 00:03 წუთზე კადრში ჩნდება პირი, რომელსაც სახე დაფარული აქვს ნიღბით. თავზე ახურავს კეპიანი ქუდი. აცვია მუქი ფერის ქურთუკი მომწვანო ფერის თასმებით და ზურგზე თეთრი ფერის ზოლებით. მას მარჯვენა ხელში უჭირავს ცეცხლმოკიდებული შუშის ბოთლი ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი", რომელსაც ისვრის აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით. ცეცხლმოკიდებული ბოთლი პოლიციის თანამშრომლების წინ, დახლოებით 2-3 მეტრში ეცემა ტროტუარზე, რის შემდეგაც ალდება.
- მეორე ვიდეოჩანაწერში, რომლის ხანგრძლივობაც 24-წამია 00:02 წუთზე კადრში ჩნდება იგივე პირი, რომელმაც ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, თავზე ახურავს კეპიანი ქუდი, აცვია მუქი ფერის სპორტული მოსაცმელი მომწვანო ფერის თასმებით, უკანა მხარეს არსებული თეთრი ფერის ზოლებით და მუქი ფერის შარვალი, წელზე უკეთია წითელ, ყვითელ და ლურჯ ფერებში გაწყობილი მცირე ზომის ჩანთა და ასევე უკეთია მუქი ფერის ნიღაბი. მას უჭირავს ორი ცალი შუშის ბოთლი. რომელსაც ისვრის წინ. სავარაუდოდ სამართალდამცველების მიმართულებით მე-12 წამზე ჩანაწერში ასახული პირი სახის არედან იხსნის ნიღაბს და გარკვევით მოსჩანს მისი იერსახე, აღნიშნული პირი ხელებს იქნევს და ხტის მოუსვენრად, ორივე ხელის შუა თითს აჩვენებს წინ, არის გარესიული, ისმის გინების ხმაც. შემდეგ ნიღაბს ისევ იფარებს სახეზე და შერბის შოთა რუსთაველის გამზირზე მდგომი ხალხის მასაში. (სტილი დაცულია).
ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეო
„სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე ვიდეოჩანაწერით, ობიექტური დამკვირვებლისთვის, შეუიარაღებელი თვალითაც, სპეციალური ცოდნის გარეშეც კი ნათელია, რომ ორივეგან ასახულია ერთი და იგივე პირი. ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ჩანაწერში აქვს იგივე აღნაგობა, მოძრაობის მანერა და ჩაცმულობა, რომელიც არის აქციის სხვა მონაწილეებისგან გამორჩეული და ვიდეოჩანაწერებში აქციის მონაწილეებს შორის სხვა, მსგავსი ჩაცმულობის და აღნაგობის პირი არ ჩანს“, - წერს ჯვებე ნაჭყებია.
როგორ დადგინდა, რომ „ეს ერთი და იგივე პირი“ კვარაცხელია იყო?
პროკურატურამ პირის ამოსაცნობად ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნა. ექსპერტმა ნინო ბორაშვილმა დაადასტურა, რომ ვიდეოებზე გამოსახული პირი ორივე შემთხვევაში ანზორ კვარაცხელიაა. პირველ ვიდეოში მას სახე უჩანს; მეორე ვიდეოზე კი, რომელშიც საკვლევი პირი ისვრის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს, ბრალდებული ტანისამოსითა და აღნაგობით ამოიცნო.
დაცვის მხარე არ ეთანხმება დასკვნას, რომ ორივე ვიდეოზე ანზორ კვარაცხელიაა გამოსახული. ისინი ადასტურებენ, რომ 24-წამიან ვიდეოში ნამდვილად ანზორია, თუმცა, 16-წამიან ვიდეოზე, სადაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა ანუ ქმედება ჩანს, თუმცა მოქმედ გმირს სახე არ უჩანს, არ დასტურდება, რომ ნამდვილად ბრალდებულია გამოსახული.
„ექსპერტმა პირველ კვლევაში დაადგინა, რომ ეს პირი იყო ერთი და იგივე, მათ შორის ტანსაცმლითაც. უთითებს ტანსაცმლის მახასიათებელ ნიშნებსაც, თუმცა მეორე დასკვნაში ტანსაცმელს საერთოდ არ ასახელებს. არ აღწერს არცერთ ნაწილში.
დასკვნაში არ ჩანს „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის დროს ანზორ კვარაცხელია რით ამოიცნო, რაც მიუთითებს, რომ არასრულად გამოიკვლია, ან საერთოდ არ გამოიკვლია ვიდეოჩანაწერები. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა იქნას გაზიარებული პირდაპირ მტკიცებულებად“, - ასეთია ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის პოზიცია.
დაცვის მხარემ სასამართლოში ალტერნატიულმა ექსპერტიზაც წარადგინა და დაადგინა, რომ პროკურატურის ვიდეოგამოსახულება არ არის ვარგისი პიროვნების საიდენტიფიკაციო კვლევების ჩასატარებლად, ვინაიდან „აღნიშნულ პირს სახეზე უკეთია ნიღაბი“.
„ეს ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნებს და გამორიცხავს მათ სისწორეს“, - აცხადებს ადვოკატი.
ამას გარდა დაცვის მხარის ექსპერტმა სასამართლოში თქვა, რომ ტანსაცმლით პირის იდენტიფიცირება ჰაბიტოსკოპიური კვლევის მეთოდოლოგია არ არის და მხოლოდ ექსპერტის სუბიექტურ შეფასებას და ვარაუდს შეიძლება ემყარებოდეს.
სასამართლო არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, მოსამართლის თქმით, დაცვის მხარის ექსპერტს საკვლევად მხოლოდ ერთი - 16 წამის ხანგრძლივობის ვიდეოჩანაწერი წარედგინა, სადაც ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელ პირს სახეზე ნიღაბი ჰქონდა გაკეთებული. „ასეთ პირობებში ცხადია ექსპერტი ვერ შეძლებდა პირის იდენტიფიცირებას”. საწინააღმდეგოდ, კი ბრალდების მხარემ ორივე ვიდეო გამოიკვლიაო.
„ვიდეოჩანაწერებზე ასახული პირის იდენტურობა დაადგინა აღნაგობით და ჩაცმულობით, კერძოდ ორივე ჩანაწერში ბრალდებულ პირს ეცვა განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშნების მქონე მუქი ფერის სპორტული ქურთუკი, მომწვანო ფერის თასმებით, ზურგზე თეთრი ფერის ზოლებით. ასევე, თავზე ეხურა მუქი ფერის კეპი. პირის იდენტიფიცირება მოხდა ასევე, იერსახის ელემენტებით და ურთიერთგანლაგებით. ასევე დინამიური ნიშნებით აღნაგობით და გადაადგილების მაწერით. ორივე ვიდეოჩანაწერში ჩანდა ზუსტად იგივე აღნაგობის გამხდარი ადამიანი, რომელსაც იგივე ტანსაცმელი ეცვა. ორივე ვიდეოჩანაწერზე ასახული პირის იდენტურობის დადგენის შემდეგ მისი ვინაობა დადგენილი იქნა ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში ასახული ანზორ კვარაცხელიას სურათის შედარებით”, - აცხადებს მოსამართლე.
ანზრო კვარაცხელიას სამოსი გამოძიებას ნივთმტკიცებად ამოღებული არ აქვს, ამას მოსამართლე ბრალდებულის ტელეფონში აღმოჩენილი ვიდეოთი ასაბუთებს. მოსამართლის თქმით, ვიდეოჩანაწერში ასახულია, როგორ წვავს ანზორ კვარაცხელია დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ტანთ ნაცვამ ქურთუკს.
„დასტურდება, რომ ბრალდებულმა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით აღნიშნული ქურთუკი დაწვა, შესაბამისად მისი ამოღება ვერ მოხერხდებოდა“, - აცხადებს მოსამართლე და ამატებს:
„ვიდეოჩანაწერის გადამღები პირი აკეთებს შემდეგ კომენტარს „შენზე მოსაცემი კურტკა დავწვი ბრატ. არც მე, არც შენ და არც არავის, იმიტომ რომ შენ ძმობას ვფიცავარ უეჭველი შარში გავიჩითებით... კაი კურტკა იყო მარა რა ვქნა, მენანება“. აღნიშნულით დასტურდება, რომ მისი იდენტიფიცირების და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ანზორ კვარაცხელიამ გაანადგურა ნივთმტკიცება - ქურთუკი. სხვა შემთხვევაში გაუგებარია ანზორ კვარაცხელიას ტელეფონში საიდან აღმოჩნდა იმ ქურთუკის დაწვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის ამსახველ ვიდეოჩანაწერში აცვია”.
საქმეში დევს ანზრორ კვარაცხელიას მიმოწერა „თეო თეო“-სთან, სადაც საუბარია აქციაზე მიმდინარე მოვლენებზე - „მე მგონი 9 აპრილს აწყობენ ეს ამოსაწყვეტები“, რაზეც ანზორ კვარაცხელია წერს „ხოდა პასუხი გაეცემა, მოლოტოვები, ავტომატები და ეგაა“.
ჯვებე ნაჭყებიასთვის ეს ჩანაწერი საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებული აგრესიულად იყო განწყობილი და საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას აქტიურად იყო ჩართული სამართალდამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილის" გამოყენებით.
„შესაძლოა, ტელეფონში არსებული მიმოწერა და ჩანაწერი, ინდივიდუალურად აღებული არ იძლეოდეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული რომელიმე ფაქტობრივი გარემოების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, თუმცა ისინი ცალსახად ქმნიან რწმენას ანზორ კვარაცხელიას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე და სისხლის სამართლის სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებენ ბრალდებულის მიერ პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტს“, - წერს მოსამართლე და ანზორ კვარაცხელიას დამნაშავედ ცნობს.
ჯვებე ნაჭყებიას განაჩენი ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ საჩივარი წარმოებაში მიიღო და სასამართლო სხდომა 24 ოქტომბერს 14:00-ზე ჩანიშნა.
ფორუმი