29 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) სტრასბურგში ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია გადასცა მაქსიმ ბუტკევიჩს - უკრაინელ ჟურნალისტს, ადამიანის უფლებათა დამცველს, ყოფილ ჯარისკაცსა და სამხედრო ტყვეს. ის ორწლიანი ტყვეობიდან 2024 წლის 18 ოქტომბერს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.
მაქსიმ ბუტკევიჩთან ერთად ფინალისტთა სიაში იყვნენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც PACE-მ „პრესის თავისუფლებისა და სამთავრობო რეპრესიების წინაშე მედეგობის სიმბოლო“ უწოდა, და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
ულვი ჰასანლი - აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიაგამოცემის Abzas Media დირექტორი, რომელიც 2011 წლიდან განიცდის დევნას - დაკავებას, წამებას, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს - მთავრობის მხრიდან. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამჟამად იმყოფება ციხის მკაცრ პირობებში, რის გამოც არაერთხელ გამოაცხადა შიმშილობა.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მაქსიმ ბუტკევიჩი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა უკრაინაში მყოფ ბელარუსელ ლტოლვილებს.
კომისიამ, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი თავმჯდომარეობდა, 2025 წლის ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ნომინანტებად სამი ჟურნალისტი შეარჩია:
გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ჟიურისა და PACE-ს თავმჯდომარემ, თეოდოროს რუსოპულოსმა სათანადო პატივი მიაგო უფლებადამცველებს, რომლებიც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მტკიცედ იცავენ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს.
PACE-ს თავმჯდომარის თქმით, ბოლო რამდენიმე წელი იყო ძალიან მძიმე ჟურნალისტებისთვის: მსოფლიოს მასშტაბით მოკლული, დაშავებული და დაკავებულ იქნა რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტი.
„სამყაროში, სადაც ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების დაუღალავი და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული ფუნდამენტური შრომა უფლებების დაცვისა და სიმართლის გამოვლენისათვის, დარღვევების გამოაშკარავებისა და ძალაუფლების მქონე პირთა პასუხისგებაში მიცემისათვის, ყველასთვის დამაჯერებელ მაგალითს წარმოადგენს. ვაცლავ ჰაველს ღრმად სწამდა სიტყვების ძალის და ჟურნალისტიკის მნიშვნელობის; ამტკიცებდა, რომ სიტყვებს შეუძლიათ ისტორიის შეცვლა, ხოლო სიმართლის გამოხატვას - რეპრესიული რეჟიმების დამხობა“, - განაცხადა PACE-ს პრეზიდენტმა, რომელიც თავადაც ყოფილი ჟურნალისტია.
თეოდოროს რუსოპულოსმა ჰაველის პრემიის გადაცემისას მაქსიმ ბუტკევიჩს „სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვაში გამბედაობისა და სიმტკიცის ძლიერი სიმბოლო“ უწოდა, თვითონ მაქსიმ ბუტკევიჩმა კი, სამადლობელ სიტყვაში გაიხსენა რუსეთის ტყვეობაში მყოფი ადამიანები.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რომელიც ასევე დაპირებაა, რომ ყველა, ვინც ამჟამად რუსეთის ტყვეობაშია ან იმყოფება ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში, აუცილებლად გათავისუფლდება. გთხოვთ, არ დაივიწყოთ უკრაინელი სამხედრო ტყვეები. არ დაივიწყოთ რუსეთის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. არ დაივიწყოთ ყველა, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და რეპრესიებისა და პატიმრობის მსხვერპლია“.
რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში მაქსიმ ბუტკევიჩმა განაცხადა, რომ ტყვეობის შემდეგ თავს მიიჩნევს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველად და ჟურნალისტად, არამედ უკრაინის დამცველადაც:
„ადამიანის უფლებების დაცვა - ეს არის მოწოდება, რაღაც, რაც ჩემს გულშია, მაგრამ ახლა ჩემი იდენტობის ნაწილია მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალებში. ჟურნალისტიც ვარ, რადგან დავბრუნდი ჩემს საზოგადოებრივ რადიოში, სადაც კვლავ მიმყავს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი გადაცემა. აი, ეს სამი იდენტობა რჩება ჩემში“.
მაქსიმ ბუტკევიჩი ამბობს, რომ უბრუნდება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს უკრაინაში, რადგან, მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ხმამაღლა ლაპარაკი და მსჯელობა:
„თუ ჩვენ არ ვილაპარაკებთ იმაზე, რაზეც საჭიროა საუბარი, რაზეც აუცილებელია მსჯელობა შეცდომების გამოსასწორებლად ან ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მაშინ ჩვენს ამჟამინდელ ვითარებაში ეს შეცდომები მეტად დაგვაახლოებს გადაშენებასთან, გაქრობასთან, რადგან, როდესაც საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, თვითცენზურა თვითმკვლელობის ფორმაა“.
მაქსიმ ბუტკევიჩი (უკრაინა) - ადამიანის უფლებათა ცენტრ Zmina-ს და „საზოგადოებრივი რადიოს” თანადამფუძნებელი, რომელიც, პაციფიზმისადმი ერთგულების მიუხედავად, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ოცეულის მეთაურად მსახურობდა 210-ე ბერლინგოს ცალკეულ სპეციალურ ბატალიონში. 2022 წლის ივნისში ჩავარდა ტყვედ ლუჰანსკის ოლქში. 2023 წლის 23 მარტს, შეთითხნილი ბრალდებებით მიუსაჯეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2024 წლის 18 ოქტომბერს გაათავისუფლებს რუსეთის ტყვეობიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის პროგრამის ფარგლებში. 2008 წელს ბუტკევიჩი უკვე „სოციალური მოქმედების“ ცენტრის პროგრამის „Без кордонів“-ის (საზღვრების გარეშე) პროგრამის თანადამფუძნებელი და კოორდინატორია. ის მუშაობდა ლტოლვილებთან, მიგრანტებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან - მონიტორინგს უწევდა როგორც თავშესაფრის უფლების დარღვევას, ასევე რასიზმით, ქსენოფობიითა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს და დახმარებას უწევდა ამგვარი დანაშაულების მსხვერპლებს. მაქსიმ ბუტკევიჩის „Без кордонів“-მა დახმარება გაუწია ასობით ადამიანს, რომლებმაც პოლიტიკური დევნისა და სხვა მიზეზების გამო დატოვეს ცენტრალური აზიის ქვეყნები და სხვა რეგიონები. 2011 წლიდან მაქსიმ ბუტკევიჩი აღმოსავლეთ ევროპაში (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის თანამშრომელი და Amnesty International Ukraine-ის ეროვნული კომიტეტის წევრია. 2012 წელს ბუტკევიჩი აარსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრს“ (ZMINA Human Rights Center), ხოლო 2013 წელს - Hromadske Radio-ს, საზოგადოებრივი რადიოს. 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მაქსიმ ბუტკევიჩი ხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების რესურს ცენტრის კოორდინატორი. ის ასევე აქტიურად საქმიანობს კრემლის მძევლების სოლიდარობის კომიტეტში, რომელიც იბრძოდა ყირიმელი პოლიტპატიმრების, მათ შორის, ალექსანდრ კოლჩენკოსა და ოლეგ სენცოვის გათავისუფლებისთვის. |
სადაც უკრაინა, იქვე ბელარუსი
უკრაინელი უფლებადამცველის თქმით, მისი ყურადღება ასევე არ მოაკლდებათ ბელარუს ემიგრანტებსა და პოლიტიკურ დევნილებს, რომლებიც იძულებული გახდნენ თავიანთი სახლები მიეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან:
“ამ საკითხს ჩემი დროისა და ცხოვრების დიდი ნაწილი მივუძღვენი და ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ბელარუსელებს. არ შემიძლია დავივიწყო ბელარუსი და ის ბელარუსელები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა; ზოგიერთ მათგანთან კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებ. ის, რასაც ბელარუსი განიცდის, უდავოდ ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბელარუსი თავისუფალი იქნება ისევე, როგორც თავისუფლები იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც უკრაინა თავისუფალი იქნება და შეძლებს თავისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვას. ჩემთვის, უკრაინისა და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლა, ასევე არის ბელარუსისთვის ბრძოლა“.
მაქსიმ ბუტკევიჩმა რუსეთის ტყვეობიდან უკრაინელების გამოხსნა შეადარა ნაწამები ბელორუსი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას:
“უკრაინელი ტყვეების პირობები განსხვავებულია: სხვადასხვა დაკავების დაწესებულებაში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. კარგი ვითარება არსად არ არის, მაგრამ სადღაც ფიზიკური ძალადობის დონე უფრო მაღალია, სადღაც - ნაკლები... ბელარუსის ციხეებში კი, სადაც პოლიტპატიმრები იმყოფებიან, რეჟიმი ყველგან მკაცრია. რადგან გარე სამყაროსთან კომუნიკაციაც უკიდურესად შეზღუდულია, ამიტომ ძნელია იმის ზუსტი ცოდნა, თუ როგორი ვითარებაა ბელარუსის ციხეებში. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს შეიძლება შევადაროთ რუსეთში უკრაინელი ტყვეების ძალიან მკაცრ პირობებს. შესაძლოა ნაკლები უკანონობით, მაგრამ უფრო რთული რეჟიმით”.
მაქსიმ ბუტკევიჩმა ომის შესაძლო დასრულების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ვიდრე არ იქნება უკრაინისათვის უსაფრთხოების რეალური ტექნიკური გარანტიები, ომი არ დასრულდება.
„მაშინაც კი, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მშვიდობის უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმების გარეშე, ამ დოკუმენტს არანაირი ფასი არ ექნება. რუსეთმა დაამტკიცა, რომ არცერთ პირობას არ ასრულებს და, რომ ცეცხლის შეწყვეტას ან მშვიდობას ომისთვის მოსამზადებლად პაუზად გამოიყენებს. ჩვენ გვჭირდება რეალური გარანტიები, არა მინსკის შეთანხმებები ან ბუდაპეშტის მემორანდუმი, არამედ რეალური პოლიტიკური და სამხედრო ალიანსები, რომლებიც უკრაინას დაეხმარება რუსეთის გვერდით უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფაში. ამჟამად რუსეთის ხელმძღვანელობას არ სურს, უარი თქვას თავის თავდაპირველ, აბსურდულ იმპერიალისტურ მოთხოვნებზე და ვიდრე ასე იქნება, ჩვენ ვერ ვიხილავთ ომის დასრულებას”.
მაქსიმ ბუტკევიჩის თქმით, მისი დამოკიდებულება ბელარუსის მიმართ 2022 წლიდან არ შეცვლილა:
„ბელარუსი რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანაა. 2021 წელს რუსეთის ჯარები ბელარუსში წვრთნებისთვის შევიდნენ და აღარ წავიდნენ. საერთაშორისო სამართალში ამას ოკუპაცია ჰქვია. ეს არის ტრაგედია, რომელსაც ბელარუსი ამჟამად განიცდის“.
ტყვეობა და შეკერილი საქმე
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღესვე, ბუტკევიჩი, რომელსაც რეზერვის ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ბუტკევიჩი ბოლომდე დარჩა თავის ანტიმილიტარისტულ პოზიციაზე, თუმცა მიიჩნევდა, რომ საკადრისი პასუხი უნდა გაეცათ რუსული იმპერიალიზმისთვის. 2022 წლის 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბუტკევიჩი ტყვედ ჩავარდა: რუსულმა სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის და სხვა უკრაინელი ჯარისკაცები დატყვევებულნი არიან ქალაქ გირსკესთან (ლუჰანსკის ოლქი).
2023 წლის 10 მარტს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ბუტკევიჩი დამნაშავედ ცნო ომის წარმოების აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ორი პირის ზოგადად საშიში გზით მკვლელობის მცდელობაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ პუნქტები). გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის 4 ივნისს, სევეროდონეცკისთვის ბრძოლის დროს, ცალკეულ სპეციალურ ბატალიონ „ბერლინგოში“ მსახურობისას, ბუტკევიჩმა ყუმბარმტყორცნიდან ესროლა მეზობელ შენობაში მცხოვრებ ორ მშვიდობიან მოქალაქეს. ამავე ანგარიშის თანახმად, ბუტკევიჩმა აღიარა დანაშაული. თუმცა იმავე დღეს, გამოცემა „გრატი“ იუწყებოდა, რომ ბუტკევიჩის კოლეგებისა და მეგობრების თქმით, მისი დანაყოფი 2022 წლის 14 ივნისამდე დისლოცირებული იყო კიევის რეგიონში და შესაბამისად, მას ფიზიკურად არ შეეძლო დონბასში ყოფნა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალი“ აღნიშნავდა, რომ ბუტკევიჩის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები შეთითხნილი იყო და ბრალდება უკავშირდებოდა ბუტკევიჩის უფლებადაცვით საქმიანობაზე შურისძიებას.
მაქსიმ ბუტკევიჩმა რუსეთის ტყვეობაში (ოკუპირებულ უკრაინის ლუჰანსკის ოლქში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიაში) ორ წელიწადზე მეტი გაატარა (გათავისუფლდა 2024 წლის 18 ოქტომბერს) და საკუთარი თვალით ნახა რუსეთის ტყვეობაში მყოფი სამოქალაქო პირების უუფლებო მდგომარეობა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა ადამიანი რუსული რეჟიმის მძევალია“, - თქვა ტყვეობიდან გათავისუფლებულმა უფლებადამცველმა, - "ეს ადამიანები ცხოვრობენ ისეთ პირობებში, სადაც მათ ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღუკვეთონ თავისუფლება.ეს ხდება სისტემურ დონეზე და ისინი ვერანაირ დაცვას ვერ იღებენ“.
მაქსიმ ბუტკევიჩის თქმით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების 90%-ზე მეტს ვერ ნახულობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. შესაბამისად, ტყვეების პირობების მონიტორინგი არ ხორციელდება. ამიტომ უფლებადამცველს სჯერა უკრაინის პროკურატურის, რომელმაც 2024 წელს განაცხადა, რომ დაბრუნებული სამხედრო ტყვეების 90% ნაწამებია.
მაქსიმ ბუტკევიჩის თქმით, მას და იმავე კოლონიაში მყოფ სხვა უკრაინელებს პირდაპირ ეუბნებოდნენ (განსაკუთრებით პატიმრობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში), რომ მათთან არავის ჰქონდა წვდომა, გარდა ციხის ზედამხედველებისა.
„ისინი ამას იყენებდნენ, როგორც საშუალებას ჩვენი სულისკვეთების დასათრგუნად და იმის ასახსნელად, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ და, რომ ამას ვერავინ შეიტყობდა, პასუხს არავინ აგებდა. ჩვენც ვიცოდით, რომ ეს სიმართლე იყო, რადგან მართლაც ასე იყო“, - იხსენებს ადამიანის უფლებათა დამცველი.
ბუტკევიჩის თქმით, 2022 წლის ზაფხულში, დატყვევებისთანავე, იგი შეახვედრეს გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის წარმომადგენელს. თუმცა ამ ვიზიტამდე მას ინსტრუქციები მისცეს და აუხსნეს, რა მოხდებოდა, თუ რამე არასწორს იტყოდა.
მაქსიმ ბუტკევიჩის თქმით, რუსი ზედამხედველები და გამომძიებლები ხშირად ახსენებენ ჟენევის კონვენციას, რომელსაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ ტყვეების „დაშინებისა და ცრუ ბრალდებების ინსტრუმენტად“ იყენებენ.
თავად ბუტკევიჩს, როგორც თვითონ ამბობს, ორჯერ უხსენეს ჟენევის კონვენცია: პირველად მაშინ, როდესაც ის სხვა უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან ერთად ლუჰანსკის ოლქში, სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაჰყავდათ.
„რუსმა ოფიცრებმა გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სამხედრო ტყვეები არ ვიყავით, რომ უბრალოდ გავქრით საბრძოლო ზონაში და რომ სამხედრო ტყვეები გავხდებოდით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ. ანუ, გვითხრეს, რომ შეეძლოთ უბრალოდ ჩვენი გაქრობა, თუ არასათანადოდ მოვიქცეოდით“, - ამბობს უკრაინელი უფლებადამცველი.
ბუტკევიჩის თქმით, მეორედ ჟენევის კონვენცია უხსენეს მაშინ, როცა კონვენციის დარღვევის ცრუ ბრალდება წაუყენეს: „ანუ მე ბრალი წამიყენეს ჟენევის კონვენციის დარღვევაში, რომლის საფუძველზეც გამომაცხადეს ომის დამნაშავედ. ეს ერთადერთია, რისთვისაც ისინი ჟენევის კონვენციას იყენებენ“.
ტყვეობიდან დაბრუნებულმა ბუტკევიჩმა Euronews-ს განუცხადა, რომ მისი ნომერ პირველი პრიორიტეტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტყვედ მყოფი უკრაინელი სამოქალაქო პირები არიან.
„თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ეძებენ თავიანთ ახლობლებს და ცდილობენ მათ პოვნას, ასიათასობით ადამიანს აღელვებს რუსეთის ტყვეობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ისინი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდნენ ტყვეთა გაცვლით ან სხვა საშუალებებით“, - თქვა მაქსიმ ბუტკევიჩმა, რომლის თქმითაც, გათავისუფლებამდე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი პატიმრობის (ტყვეობის) უმძიმესი პირობების შესამოწმებლად.
„რუსეთის ქმედებები ახლა მიზნად ისახავს გაანადგუროს ფუნდამენტური ღირებულებების საფუძვლები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ნარჩენები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ უნდა დაეხმაროს ევროპა უკრაინას ამ ღირებულებების დაცვასა და ბრძოლაში“, - ამბობს მაქსიმ ბუტკევიჩი, ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ლაურეატი.
ფორუმი