ყველას, გარდა ორი დაკავებულისა, სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა.
ვის შეუფარდეს გირაო?
საპატიმრო გირაოს, 20 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა ციხე ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა.
მალევე, ქალთა საპატიმრო დატოვა დიჯეიმ და კრეატიულმა დირექტორმა ია დარახველიძემ, რომელმაც 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო გადაიხადა.
პროკურატურა ია დარახველიძის დაპატიმრებას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა მოსამართლეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, პროკურორმა მოთხოვნა შეცვალა.
პატიმრობა 39 დაკავებულს
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს პროკურატურა და სასამართლო სხვა დაკავებულებისა და მათი ადვოკატების ნაწილმაც, ეს არგუმენტები მოსამართლეებისთვის არ გამოდგა საკმარისი, რომ მათთვის პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდებინა.
არც პროკურატურას უმსჯელია სხვა, თავისუფლების აღკვეთის ნაკლებად მძიმე ფორმებზე, მაგალითად, პირადი თავდებობის გამოყენებაზე - მხოლოდ პატიმრობა.
რადიო თავისუფლება ელაპარაკა იმ პატიმრების ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს, რომლებსაც ჯანმრთელობის განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვთ ან თავად არიან პასუხისმგებლები ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე.
დიაგნოზი - ავთვისებიანი სიმსივნე
63 წლის ალექსანდრე გოგოლაძის დიაგნოზი ასეთია:
შარდის ბუშტის კედლის ავთვისებიანი სიმსივნე. აქვს სხვა ქრონიკული დაავადებებიც - გულმკერდის აორტის ანევრიზმა და აორტის სარქვლის ნაკლოვანება.
გიორგი ჭოჭუამ, მისმა ადვოკატმა, სასამართლოზე ალექსანდრე გოგოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად წარადგინა.
თუმცა, ეს ცნობები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ პროკურატურას შუამდგომლობა შეეცვალა, მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 63 წლის კაცი სიმსივნის დიაგნოზით საპატიმროში გაუშვა.
ე.წ. ფორმა 100, რომელიც ადვოკატმა სხდომაზე წარადგინა, 2023 წელსაა გაცემული. ახლა ის მინდობილობის მიღებას ცდილობს, რომ ალექსანდრე გოგოლაძის ჯანმრთელობის ისტორია სრულად გამოითხოვოს კლინიკებიდან:
„მინდობილობის გაკეთებას საპატიმროში დაახლოებით 10 დღე სჭირდება. რაც შეეხება 2023 წლის ცნობას, ის მოსამართლეს პროცესზევე გადავეცი, სადაც მონიშნული მქონდა ყველა ეს დიაგნოზები, რომ მარტივად ეპოვა, რადგან დოკუმენტი რამდენიმე გვერდისგან შედგებოდა.
13 ოქტომბერს სრულად გადავეცი ეს დოკუმენტაცია პროკურატურასთან. ახლა პროკურატურასთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ შევიდნენ სასამართლოში შუამდგომლობით, რათა პატიმრობა, უფრო ნაკლები ღონისძიებით, გირაოთი შეიცვალოს“, - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.
დიაგნოზი - ერთი თირკმელი
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბოთაშვილს მხოლოდ ერთი თირკმელი აქვს, მეორე ავთვისებიანი სიმსივნის გამო 2015 წელს ამოკვეთეს. ბრალდებულის ადვოკატი, ოთარ სუყაშვილი გვეუბნება, რომ ზაქროს ჯანმრთელობა ციხეში რთული მისახედი იქნება:
„ახლა გამოთხოვილი გვაქვს მისი ჯანმრთელობის სრული ისტორია. მივიღებთ ამ დოკუმენტაციას და შემდეგ მივმართავთ პროკურატურას, რომ შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში პატიმრობის შეცვლის შესახებ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ საპატიმროს პირობებში იმკურნალოს“, - ეუბნება ოთარ სუყაშვილი რადიო თავისუფლებას.
ოპერაცია გულზე და დამოკიდებულება წამლებზე
64 წლის კონსტანტინე კოკაიას გულსისხლძარღვთა პრობლემები აქვს. გადატანილი აქვს ოპერაცია გულზე, ექიმის მუდმივი კონსულტაცია ჭირდება.
„მამა დამოკიდებულია ძალიან ბევრ წამალზე. ასევე მნიშვნელოვანია მისი კვება, რომელსაც მთელი ოჯახი ვაკონტროლებთ.
გულის პრობლემები 2018 წლიდან დაეწყო. პერიოდულად გვიწევს მისი სტაციონარში მოთავსება, სასწრაფოს გამოძახება, რადგან ცუდად ხდება, წნევა აწუხებს.
ციხიდან შეგვატყობინა, რომ მარცხენა მხარეს, ხელი და ფეხი უბუჟდება. ვესაუბრეთ მის მკურნალ ექიმს, რომელმაც გვითხრა, რომ წამალს ზეპირად ვერ დაუნიშნავს და აუცილებლად უნდა მოითხოვოს ნევროლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაცია“, - ამბობს ნინი კოკაია ბრალდებულის შვილი.
კონსტანტინე კოკაია სასამართლო სხდომაზე გახდა შეუძლოდ და დარბაზი დროებით დატოვა:
"მამას ვიდეომასალა რომ გვანახა პროკურატურამ, იქ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება. ჩანს, რომ მამა უკან მიჰყვება პაატა ბურჭულაძეს და რეზიდენციის ეზოში შესულებს ეძახის, რომ გამოვიდნენ. მხოლოდ ამისთვის თუ აპატიმრებენ მამას, კი ბატონო", - უთხრა ნინი კოკაიამ რადიო თავისუფლებას.
ცოლი დიალიზზე
მართალია, ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემები თავად არ აქვს, მაგრამ ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში კიდევ ერთი ბრალდებული, 57 წლის კახა მჟავანაძე.
„ერთი კვირაა, რაც [ცოლი] დიალიზზეა გადაყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირაში რამდენჯერმე ვანიდან ქუთაისში უნდა ჩაიყვანონ პროცედურისთვის, რაც ხანგრძლივი და მძიმე პროცესია“, - თქვა მან სასამართლო სხდომაზე.
რადიო თავისუფლება მეტი დეტალის დასაზუსტებლად ელაპარაკა ბრალდებულის შვილს, ლევანს. ლევანი და მისი ძმა სტუდენტები არიან, თბილისში ცხოვრობენ. მშობლები - ვანში.
ლევანი ამბობს, რომ დედას ცოტა ხნის წინ თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა და დიალიზის გაკეთება დასჭირდა. (დიალიზი ეს არის ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს).
ლევანის თქმით, ჯერჯერობით, არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, ჩაერთვება თუ არა დედა დიალიზის პროგრამაში, რაც იმას გულისხმობს, რომ 56 წლის ქალი, კვირაში რამდენჯერმე ვანიდან ქუთაისში უნდა ჩავიდეს კლინიკაში შესამოწმებლად.
„არიან სხვა ადამიანებიც, ვისაც შეიძლება ვთხოვოთ, რომ დედა ატარონ ხოლმე კლინიკაში, მაგრამ ხშირად ვერავის დაავალდებულებ“, - ამბობს ლევანი, რომელიც პროფესიით იურისტია და მამის დაკავებას აბსურდს უწოდებს:
„ღობის შეჯანჯღარება სამართალდარღვევა არ არის, ამას პროტესტის გამოსახატად აკეთებენ ხოლმე ადამიანები და ამის გამო არავის არასდროს დაუჭერიათ. ყველა კადრი მაქვს ნანახი, სადაც მამაჩემი ჩანს, ის არც ვინმეს ესვრის რაიმეს, არც ხელს ურტყამს, ისეთს არაფერს აკეთებს, რაც იმ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს გულისხმობს, რასაც მას ედავებიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან მჟავანაძემ.
"პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება - ჩვენთან პირიქითაა"
ანა თავხელიძე, სისხლის სამართლის იურისტი ამბობს, რომ პროკურატურამ და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება „სადამსჯელო ღონისძიებად“ აქცია. არადა, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა გამოიყენებოდეს.
ამბობს, რომ 4 ოქტომბრის ტიპის საქმეებზე, როდესაც უმეტესად, არ იკვეთება დაკავებულების პირდაპირი ბრალეულობა (მაგალითად, ადამიანი უბრალოდ მოძრაობს ტერიტორიაზე, არ ძალადობს) პროკურატურა პატიმრობას არათუ არ უნდა ითხოვდეს, არამედ, ზოგ შემთხვევაში, ამ ადამიანების დაკავების აუცილებლობის საკითხიც კი არ უნდა დადგეს:
„მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც სასამართლოში მოდის ასეთი საქმე, მოსამართლე ხედავს და ეცნობა მტკიცებულებებს, ამასთანავე, დოკუმენტები ცხადყოფს, რომ დაკავებულებს აქვთ მაგალითად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რასაც პატიმრობაში მათი ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს და დაამძიმებს, ბუნებრივია, იმ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც საქმეს ერთვის, ეს გარემოებები უნდა გაითვალისწინოს და პატიმრობა, როგორც ყველაზე უკიდურესი ღონისძიება, მხოლოდ ასე უნდა გამოიყენოს“.
მისივე თქმით, დაუშვებელია რომ ბრალდების მხარემ საქმის მუხლი და კვალიფიკაცია მიუთითოს აღკვეთის ღონისძიების საფუძვლად, რადგან იმ მომენტისთვის დანაშაულის ჩადენის უტყუარობა ჯერ დადგენილი არ არის:
„ასევე აკრძალულია, როდესაც პროკურორები პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის მიზეზად ასახელებენ მაგალითად, მოსალოდნელი სასჯელის შიშს და ამბობენ, რომ ბრალდებული მიიმალება. ეს არის სრული ნონსენსი. თუკი შევხედავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, დაუშვებელია ამ საფუძვლით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება.
ძალიან ჰიპოთეზური და აბსტრაქტული მსჯელობები აქვს პროკურატურას, რაც კანონით, საერთაშორისო კანონმდებლობითა და პრაქტიკით, დაუშვებელია. დაუშვებელია პატიმრობის მოთხოვნა ისეთ საქმეებში, როდესაც არსებობს კადრები, რომ ეს ადამიანები არავითარ ძალმომრეობით ქმედებებს არ ახორციელებენ“, - ამბობს ანა თავხელიძე.
იურისტის თქმით, საქმის ამგვარი წარმოება მასში მხოლოდ ერთადერთ ასოციაციას იწვევს - ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაც ბოლო ერთი წელია, სახელმწიფო პროტესტის საპასუხოდ ატარებს:
„ამ პროტესტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ხარისხი და დამოკიდებულებები, ისე განსხვავდება სხვა პრაქტიკებიდან, გამოცდილებებიდან, მანამდე წარმოებული საქმეებისგან და კანონისგან, რომ ჩნდება განცდა, ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანია ადამიანების მასობრივი დაპატიმრება და ამით სხვების დაშინება“, - უთხრა ანა თავხელიძემ რადიო თავისუფლებას.
4 ოქტომბერი და მომდევნო დღეები მოკლედ
4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში, საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ ღამეს მართავდა ბრიფინგებს და საზოგადოებას ატყობინებდა ხან 13, ხან 12, ხან 7 და ა.შ. ახალი დაკავებულის შესახებ - საერთო ანგარიშით, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის 5 წევრის გარდა, პოლიციამ კიდევ 41 ადამიანი დააკავა.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
„ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“, - ეს სიტყვებიც ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის და ის 6 ოქტომბრით თარიღდება.
* პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ადვოკატებთან შეთანხმებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ასაჯაროებს.
ფორუმი