2020 წლის 11 ოქტომბრის რეპორტაჟში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი ემოციურად უყვება მაყურებელს, რა ხდება: აჩვენებს პუტინთან ინტერვიუს ამონარიდებს და ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ მოსკოვისთვის საამაყო ახალ ამბებს.
„ინტერვიუს შემდეგ კიდევ ბევრი სამუშაო“ რჩება, ამბობს რეპორტიორი და იმეორებს კრემლის მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ პუტინი განუწყვეტლივ შრომობს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიძლიერის შესანარჩუნებლად. ეკრანის კუთხეში წარწერაა „ნოვო-ოგარიოვო“ - მოსკოვის გარეუბნებში მდებარე მთავარი საპრეზიდენტო რეზიდენცია - და კადრებში ჩანს, როგორ მიემართება პუტინი თავისი ოფისის კარისკენ და გასაღებად სახელურს ჰკიდებს ხელს.
რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, კარის სახელურის განლაგება და რამდენიმე სხვა დეტალი ცხადყოფს, რომ კადრები საერთოდ არ არის გადაღებული ნოვო-ოგარიოვოში.
სინამდვილეში, ის იქიდან 1500 კილომეტრში, თითქმის ისეთსავე ოფისში, ბოჩაროვ რუჩეიში, სახელმწიფო რეზიდენციაში, სოჭში, შავი ზღვის სანაპიროზეა გადაღებული.
რადიო თავისუფლების რუსულმა საგამოძიებო ჯგუფმა “სისტემამ” დაადგინა, რომ ნოვო-ოგარიოვოში პუტინის ოფისის არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი ასლი არსებობს - ერთი სოჭში, მეორე კი ვალდაიში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის დაახლოებით შუაგზაზე, - და რომ დასტურდება ასობით შემთხვევა, როცა კრემლმა ბოლო წლებში პრეზიდენტის ადგილსამყოფლის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
“სისტემას” მიერ დადგენილი შემთხვევების უმეტესობაში, ვითომ ნოვო-ოგარიოვოში გამართული შეხვედრები, სინამდვილეში გადაღებულია სოჭში ან ვალდაიში - ტბისპირა ქალაქში, რომლის ტყიან მდებარეობას პუტინი უპირატესობას ანიჭებს მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში დაიწყო ომი, რასაც მოჰყვა უკრაინის დრონებით თავდასხმები რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე.
გამოძიებიდან ჩანს, რომ კრემლი პუტინის ადგილსამყოფლის შესახებ, საზოგადოებას სულ მცირე, რამდენიმე წლის განმავლობაში არასწორ ინფორმაციას აწვდიდა. ეჭვი ჩნდება ასევე პუტინის და მთავრობის მიერ გამართული, გამოცხადებული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების თარიღების შესახებ.
“სისტემის” მიერ აგვისტოში გამოქვეყნებული საგამოძიებო ანგარიშით, კრემლის სულ მცირე ხუთი შეხვედრა, რომლებიც, სავარაუდოდ, აპრილში ან მაისში გაიმართა, სინამდვილეში რამდენიმე თვით ადრე იყო გადაღებული. პუტინმა ეს ხრიკი შემოდგომაზეც იხმარა: “სისტემის” გამოკვლევის თანახმად, აგვისტოდან მოყოლებული, კრემლმა პრეზიდენტის შეხვედრების სულ მცირე შვიდი ძველი ვიდეო გამოაქვეყნა და ისინი ახალ ვიდეოებად გაასაღა.
პირველი კარის მიღმა...
სხვა მეთოდებთან ერთად, “სისტემამ” სამი თითქმის ერთნაირი ოფისის შესახებ დასკვნები გააკეთა პუტინის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული, ან სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენები დაახლოებით 700 ვიდეოს ანალიზითა და კრემლის ვებსაიტზე განთავსებული სურათების შესწავლით.
ჟურნალისტებმა ასევე შეისწავლეს დიდი რაოდენობით მასალა, სხვათა შორის სოციალურ მედიაში პოსტები და მოგზაურობის გაჟონილი ჩანაწერები, რომლებიც აღწერდნენ პუტინის გარემოცვის - დაცვის თანამშრომლებისა და სახელმწიფო მედიის ჟურნალისტების, რომლებიც აშუქებენ მას, გეგმებსა და რეალურ გადაადგილებას.
2020 წლის ოქტომბრის შესახებ ანგარიში მარტივი, მაგრამ განსაცვიფრებელი მაგალითია.
ნოვო-ოგარიოვოს ოფისში, პუტინის მაგიდასთან კარის სახელური ოდნავ დაბლაა განთავსებული, ვიდრე გადაბმა კედლის პანელებს შორის - ფაქტი, რომელიც ნათლად ჩანს ოთახის კადრებიდან და ფოტოებიდან, მათ შორის იმ კომპანიის ფოტოებიდან, რომელმაც იქ პარკეტის იატაკი დააგო.
მიუხედავად იმისა, რომ სახელური, რომელსაც პუტინი ოფისიდან გასვლისას ხელს ჰკიდებს, ზუსტად იგივეა, ის კედლის გადაბმაზე ოდნავ მაღლაა კარზე დატანილი - რამდენიმე სანტიმეტრია სხვაობა, მაგრამ მაინც უტყუარია. ეს კი იმის ნიშანია, რომ ინტერვიუ სოჭში გადაიღეს და არა მოსკოვთან.
სხვა დეტალებთან ერთად, რომლებიც კრემლის მიერ გამოცხადებულ ადგილსა და ნოვო-ოგარიოვოში სავარაუდოდ გამართული მრავალი შეხვედრის რეალურ ადგილს შორის შეუსაბამობას ავლენს, აღსანიშნავია პუტინის ჰალსტუხებზე ფიგურები, ტელევიზორის სადგამის ფორმა, მაგიდის ზედაპირის ფერი და მაგიდაზე დოკუმენტების უჯრის ხის ფაქტურა.
“სისტემამ” პუტინის ადგილსამყოფლის შესახებ ვიდეოჩანაწერებით მიღებული ინფორმაცია სამგზავრო დოკუმენტების შესწავლით გაამყარა. მაგალითად, 2020 წლის აგვისტოში სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც კრემლის თქმით, ნოვო-ოგარიოვოში შედგა, რეალურად სოჭში იყო გადაღებული, რაც დგინდება დეტალებით, სხვათა შორის, კარის სახელურის მდებარეობით.
სინამდვილეში კრემლთან დაკავშირებული ტურისტული სააგენტოს მიერ შეძენილი და “სისტემას” მიერ მოპოვებული ელექტრონული ბილეთი მიუთითებს, რომ ინტერვიუერი, სერგეი ბრილიოვი, სოჭიდან მოსკოვში 27 აგვისტოს, სახელმწიფო ტელევიზიით ინტერვიუს ეთერში გასვლის დღეს გაფრინდა.
ეს და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის სხვა შიდა დოკუმენტები “სისტემის” ჟურნალისტებმა სახელმწიფო ტელე- და რადიომაუწყებლობის კომპანიის კორპორაციული ელექტრონული ფოსტის გაჟონვის გზით მოიპოვეს, რომელიც ჟურნალისტებს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტმა (OCCRP) მიაწოდა.
მგზავრობა, რომელიც გაგცემთ
2020 წლის სექტემბრის კადრები, სავარაუდოდ, ნოვო-ოგარიოვოში იყო გადაღებული. თუმცა, “სისტემის” მიერ მიკვლეულ ელექტრონულ წერილში სახელმწიფო ტელევიზიის პროდიუსერმა კოლეგას სთხოვა, ცნობილი ჟურნალისტის, პაველ ზარუბინისა და იმ დროს ტელევიზიის გადამღები ჯგუფის რამდენიმე სხვა წევრისთვის სოჭში მოგზაურობის ორგანიზება.
“სისტემამ” აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო ტელეარხ როსია1-ის, რომელიც პუტინზეა “მიმაგრებული,” ყოველკვირეული საინფორმაციო გადაცემის თანავტორი, ზარუბინი ხშირად ჩადიოდა სოჭში და ჩამოჰქონდა კადრები, რომლებიც კრემლმა მაშინ ნოვო-ოგარიოვოში გადაღებულად გაასაღა.
გაჟონილი სამგზავრო დოკუმენტი და ზარუბინის ერთ-ერთი გადაცემის მოკლე ნაწილი ავლენს, რომ კომუნიკაციებზე განპირობებული - პრეზიდენტის დაცვის - თანამშრომელი სოჭში იმ ღამეს იყო, როდესაც პუტინზე, ვითომ ნოვო-ოგარიოვოს, მაგრამ სინამდვილეში ბოჩაროვ რუჩეის კადრებს იღებდნენ 2021 წლის ოქტომბერში.
კარის სახელურის გარდა, ნოვო-ოგარიოვოსა და ბოჩაროვ რუჩეის ოფისებს შორის სხვა განსხვავებებიც არსებობს. პუტინის ზურგს უკან კედელზე გადაბმის განთავსება ერთ-ერთია, ტელევიზორის სადგამის ფეხები კი - მეორე.
კრემლის ხელმძღვანელების მიერ ბოჩაროვ რუჩეის გამოყენება სულ მცირე, 1953-64 წლების საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი მემკვიდრის, ლეონიდ ბრეჟნევის დროიდან იწყება. 1950-იან წლების შენობა, სადაც შეხვედრები იმართებოდა, საბოლოოდ დაანგრიეს და მის ადგილას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ დადგეს დღევანდელი ოფისი.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შემდეგ მალევე გამოქვეყნებულ კადრებზე აღბეჭდილია მიღება, რომელსაც ესწრებიან რუსეთის კულტურის მოღვაწეები, ასევე პუტინი და ალინა კაბაევა, 2004 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი რიტმულ ტანვარჯიშში, რომელიც, როგორც ფართოდ არის ცნობილი, მისი დიდი ხნის პარტნიორი და სულ მცირე, ორი შვილის მამაა.
პუტინმა ბოჩაროვ რუჩეიში წლების განმავლობაში მრავალი სტუმარი და რუსი ოფიციალური პირი მიიღო. COVID-19-ის პერიოდში, 2020 და 2021 წლების დიდი ნაწილის განმავლობაში, ვითომ ნოვო-ოგარიოვოში გამართული შეხვედრების დაახლოებით ერთი მესამედი სინამდვილეში ბოჩაროვ რუჩეიში ტარდებოდა, რაც “სისტემის” ანალიზით დასტურდება.
ის ასევე დიდ დროს ატარებდა ვალდაიში, სადაც შეხვედრებს მართავდა ოფისში, რომელიც ძალიან ჰგავს მოსკოვის გარეთ მდებარე და ასევე, სოჭის ოფისებს.
განმარტოება და უსაფრთხოება
ბოლო წლებში პუტინი სულ უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას ვალდაის. 2023 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ის უმეტესად თავს იკავებს ბოჩაროვ რუჩეიში ჩასვლისგან.
გარდა ამისა, კრემლის კადრები და სხვა მასალები, რომლებიც "“სისტემამ”" შეისწავლა, მიუთითებს, რომ მისი თითქმის ყველა შეხვედრა, რომელიც 2025 წელს ვითომ ნოვო-ოგარიოვოში გადაიღეს, სინამდვილეში ვალდაიში გაიმართა.
ვალდაი სახელმწიფო რეზიდენციაა და 2016 წელს, მის ტერიტორიაზე, ტყეში, ყოფილი ჩოგბურთის კორტის ადგილას, იმავე კომპანიამ, რომელმაც ნოვო-ოგარიოვოსა და ბოჩაროვ რუჩეის განახლებაში მიიღო მონაწილეობა, ააშენა შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის განკუთვნილი პავილიონი.
ბოჩაროვ რუჩეის მსგავსად პუტინის სკამის უკან კედელზე ნაკერის განთავსება ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ეს ნოვო-ოგარიოვო არ არის. კიდევ ერთი, რაც ვალდაის სხვა ორივე ოფისისგან განასხვავებს, არის კედლის პანელის შუა ცენტრში დატანილი თერმოსტატის გადამრთველი. განსხვავებული ზედაპირი აქვს პუტინის მაგიდაზე დოკუმენტებისთვის განკუთვნილ ხის უჯრასაც.
ვიზუალური დეტალების, მგზავრობის დროისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, “სისტემამ” დაადგინა, რომ ვალდაიში გამართული მრავალი შეხვედრიდან ერთ-ერთი იყო სამთავრობო შეხვედრა, რომელიც 2018 წლის მარტში ციმბირის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრიდან სამი დღის შემდეგ გაიმართა. ამ ხანძარს, რომელიც პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გაჩნდა, სულ მცირე, 60 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეეწირა. კრემლმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ნოვო-ოგარიოვოში გაიმართა.
როდესაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებულ ძალებს მოუყარა თავი, პუტინი 2021 წლის 7 დეკემბერს სოჭიდან ვიდეოჩართვით ესაუბრა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც მას მოუწოდა, არ დასხმოდა თავს უკრაინას, პუტინი კი კიევსა და ნატოს აკრიტიკებდა.
“სისტემას” დასკვნების თანახმად, ამის შემდეგ პუტინი ვალდაიში გაემგზავრა და იქიდან რამდენიმე შეხვედრა გამართა, კრემლი იტყობინებოდა, რომ ის ნოვო-ოგარიოვოში მუშაობდა.
“სისტემას” ცნობით, 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე - როცა რუსული ძალები თავდაპირველად რამდენიმე ფრონტზე მიიწევდნენ წინ, თუმცა შემდეგ კიევის გარეუბნებიდან უკან დაიხიეს და ვერ შეძლეს უკრაინის დამორჩილება, რაც გახდა ხანგრძლივი ომის საფუძველი, რომელსაც დასასრული არ უჩანს - პუტინმა ვალდაის ოფისში ან მის გარეთ, სულ მცირე, 12 შეხვედრა გამართა.
ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მტკიცებულებების ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ პუტინის 30 გამოჩენიდან იმ ოფისში, რომელზეც არის საუბარი, ამ წლის იანვრიდან სექტემბრის ბოლომდე, ყველა, გარდა ერთისა, გადაღებულია ვალდაიში - სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გარკვეულ მომენტში, თერმოსტატის გადამრთველი გადაიტანეს იმავე ადგილას, როგორც ეს ნოვო-ოგარიოვოსა და სოჭის ოფისებშია.
კონსტანტინ გააზე, სოციოლოგი, რომელიც იკვლევს რუსულ ავტორიტარიზმსა და ბიუროკრატიას, ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით ესხმის თავს, პუტინის მიერ ვალდაისადმი უპირატესობის მინიჭებას მარტივი მიზეზი აქვს.
„რა თქმა უნდა, ეს უსაფრთხოების საკითხია“, - თქვა გააზემ.
ბოჩაროვ რუჩეი სოჭში მაღლობზე მდებარეობს, ეს ერთი და მეორეც, მისი თქმით, აშკარა თავდაცვითი ზომები ყურადღებას მიიპყრობს მოსკოვის ისეთ გამოჩენილ გარეუბანში, როგორიც ნოვო-ოგარიოვოა. ვალდაის რეზიდენცია უფრო იზოლირებულია. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აგვისტოში იუწყებოდა, რომ მის გარშემო 12 საჰაერო თავდაცვის ობიექტია განთავსებული, რომელთა უმეტესობა „პანცირ-ს 1-ის“ ტიპის სარაკეტო სისტემებია.
პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ამ სტატიის გამოქვეყნებამდე წაიკითხა “სისტემას” მიერ გაგზავნილი კითხვები, მაგრამ არ უპასუხია. ტელერადიომაუწყებლის პრესსამსახურმა ჟურნალისტების შეკითხვებზე კომენტარი არ გააკეთა.
2020 წელს, მას შემდეგ, რაც რუსულენოვანმა მედიასაშუალებამ „პროექტმა“ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინს ორი ძალიან მსგავსი ოფისი ჰქონდა - ნოვო-ოგარიოვოსა და ბოჩაროვ რუჩეიში, პესკოვმა განაცხადა, რომ ანგარიში არაზუსტი იყო და რომ არ არსებობდა „იდენტური ოფისები“.
პუტინის ადმინისტრაციამ კომენტარი არ გააკეთა მტკიცებულებებზე, რომ მან შეცდომაში შეიყვანა თანამოქალაქეები ასობით შეხვედრის გამართვის ადგილის შესახებ.