ვოლოდიმირ მიკოლაენკო რუსეთის ФСБ-ს თანამშრომლებმა ოკუპირებულ ქალაქში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე დააკავეს. ქალაქის მერი შეხვედრაზე ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა მებრძოლმა გაიტყუა. დატყვევებული მიკოლაენკო ხერსონის პოლიციის შენობაში აწამეს. ცემებს შორის შუალედებში მას ვიდეოზე იღებდნენ და ოკუპანტებთან თანამშრომლობას სთავაზობდნენ. შემდეგ მიკოლაენკო ჯერ ვორონეჟის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი რუსეთში, ვლადიმირის ოლქში, პაკინოს სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს.
მიკოლაენკომ რადიო თავისუფლების პროექტის, Krym.Realii-ის რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა ტყვეობის პირობებსა და უკრაინელი ტყვეების მიერ განცდილ ძალადობაზე, იმაზე, თუ როგორ თქვა უარი გაცვლაზე და რატომ შეძლეს ომის პირველ დღეებში რუსებმა ხერსონის ასე სწრაფად აღება.
ღობის ძირებში ბალახთან ერთად იზრდებოდა ჭინჭარი. მართალია, ცოტა იყო, მაგრამ ამ ჭინჭარს ვაგროვებდით და ვჭამდით, რათა რაღაც ვიტამინების მსგავსი მაინც მიგვეღო.
რას აჭმევენ უკრაინელ ტყვეებს?
„თუ სადილზე ვსაუბრობთ, ეს ერთი ჯამი რაღაც მღვრიე ბალანდაა. ერთხელ გამიმართლა და იმ თასში ქერის შვიდი მარცვალი აღმოჩნდა. მითხრეს, შენ ჩემპიონი ხარო. ამ ბალანდის ჭამისას კოვზს არ იყენებ. უბრალოდ ექვს ან შვიდ ყლუპად სვამ. უბრალოდ მოსვი და მორჩა. კოვზი არ არის საჭირო, კოვზი არაფერ შუაშია. მეორე კერძად კი კარტოფილის ქერქებია - გათალეს კარტოფილი, შემდეგ კანი მოხარშეს და მოგვიტანეს.
და პურის ნაჭერი. რომ ვთქვათ, ძირითადად პურით გვედგა სული. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც გვაფიქრებინებდა, რომ შიმშილით არ დავიხოცებოდით.
სასეირნოდ გავყავდით. იქ, პატარა ეზოში, ბეტონის ფილებს შორისა და ღობის ძირებში ბალახთან ერთად იზრდებოდა ჭინჭარი. მართალია, ცოტა იყო, მაგრამ ამ ჭინჭარს ვაგროვებდით და ვჭამდით, რათა რაღაც ვიტამინების მსგავსი მაინც მიგვეღო", - ამბობს ხერსონის ყოფილი მერი ვოლოდიმირ მიკოლაენკო.
დიდი ომის პირველი დღეები და ოკუპაცია
2022 წლის 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს, 62 წლის ვოლოდიმირ მიკოლაენკო ხერსონის ტერიტორიულ დაცვას შეუერთდა. ამ დროს უკვე მიმდინარეობდა ბრძოლები ანტონოვსკის ხიდისთვის. შემოჭრიდან ხუთ-ექვს საათში რუსეთის ჯარები უკვე ხერსონის მისადგომებთან იყვნენ.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს გზას უთმობდნენ, ერთი წითელი ხალიჩა არ დაუგიათ.
„ანტონოვსკის ხიდთან ახლოს, სოფელ ნადნიპრიანსკიში წაგვიყვანეს. იარაღი დაგვირიგეს, ჩავაბარე სამხედრო ბილეთი, სანაცვლოდ მომცეს ავტომატი. ამ დროისთვის ხერსონი უკვე იბომბებოდა. არ ვიცი ვინ იცავდა ამ ხიდს; ამბობენ, რომ იქ რაღაც ტანკი იდგა.
ჩაგვსვეს სამ ავტობუსში. ერთი ხიდის დასაცავად გაუშვეს. დანარჩენებს გვითხრეს, ჯერ ერთიც საკმარისია, თქვენ დაელოდეთო. გარკვეული დროის შემდეგ რამდენიმე დაჭრილი მოიყვანეს. როგორც ჩანს, ჩვენი პოზიციები ნაღმმტყორცნებიდან იბომბებოდა.
ამასობაში მოვიდა ჩვენი არტილერია, რომელიც ხელს უშლიდა რუსებს ხიდზე გადასვლაში. შესაძლოა, ჩვენები ხიდის დანგრევასაც ცდილობდნენ. ჩემთვის დიდი სასწაული იყო, რომ ხერსონის რეგიონში არცერთი ხიდი არ იყო აფეთქებული. მახსოვს ამბავი ბიჭზე, რომელმაც ჰენიჩესკში ააფეთქა ხიდი. ალბათ ეს იყო ერთადერთი ხიდი, რომელიც ააფეთქეს“, - იხსენებს მიკოლაენკო.
ხიდი საზღვაო ქვეითმა ვიტალი სკაკუნმა ააფეთქა საკუთარი სიცოცხლის ფასად. სწორედ მან დანაღმა ჰენიჩესკის საავტომობილო ხიდი, რათა რუსული სამხედრო კოლონები შეეჩერებინა. თუმცა როდესაც ხიდი ააფეთქა, უკან დახევა ვეღარ შეძლო და ადგილზე დაიღუპა.
„სხვა მხრივ, მათ ძალიან სწრაფად გაიარეს; ფაქტობრივად რამდენიმე საათში უკვე ხერსონთან იყვნენ.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს გზას უთმობდნენ, მხოლოდ წითელი ხალიჩა არ დაუგიათ.
ამაში ალბათ არც არაფერია გასაკვირი, რადგან ჩვენ გვესმოდა, თუ როგორ მუშაობდა მეხუთე კოლონა და რომ რუსებმა უზარმაზარი თანხები დახარჯეს მოღალატეების ამ სისტემის შესაქმნელად“, - დასძენს ხერსონის ყოფილი მერი.
ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ხიდი რუსეთის შეჭრის წინ იქნა განაღმული. ამგვარ შემთხვევებს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო იძიებს. რაც შეეხება ანტონოვსკის ხიდს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე დღით შეაკავეს მტერი.
მიკოლაენკო ამბობს, რომ მაშინ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ტერიტორიულ თავდაცვას შორის არ არსებობდა მკაფიო კოორდინაცია, ისევე როგორც არ ყოფილა რაიმე ბრძანება შემდგომი ქმედებების შესახებ.
ამიტომ, როდესაც 2022 წლის 1 მარტს ქალაქში რუსული ჯარები შევიდნენ, ტერიტორიული თავდაცვის ძალებს უბრძანეს დაშლილიყვნენ.
ანტონოვსკის ხიდის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, რადგან რატომღაც ჩვენმა ძალებმა ეს ხიდი არ დანაღმეს, რამაც ხერსონისა და ნიკოლაევსკისკენ მიმავალ მტრის ჯავშანტექნიკის კოლონებს ხიდის თავისუფლად გადაკვეთის საშუალება მისცა.
„ტანკები კულიკის ქუჩით მიდიოდნენ, მძლავრი კოლონა იყო. პირველ რიცხვში შეგვკრიბეს, როდესაც ისინი შემოვიდნენ. ჯერ გვითხრეს, რომ დავიცავდით ჩვენს ობიექტს, სადაც ვიყავით განლაგებული.
შემდეგ თქვეს, რომ ადმინისტრაციულ შენობას დავიცავდით და რამდენიმე ყუმბარა დაარიგეს. შემდეგ კი მეთაური მოვიდა და თქვა, ბიჭებო, ჩვენ ბრძანებები არ მოგვდის, ამიტომ მე მოგცემთ ბრძანებასო, დავიშალოთ და პარტიზანულ ოპერაციებზე გადავდივართო.
ვუთხარი, რომ გვაქვს რაღაც ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც შევაგროვეთ რკინიგზის ასაფეთქებლად, რომ შემიძლია ქალაქში დენის გამორთვა, რადგან საჭირო კავშირები მაქვს და ა.შ. ასეთი წინადადებები მქონდა.
ანტონოვსკის ხიდის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, რადგან რატომღაც ჩვენმა ძალებმა ეს ხიდი არ დანაღმეს, რამაც ხერსონისა და ნიკოლაევსკისკენ მიმავალ მტრის ჯავშანტექნიკის კოლონებს ხიდის თავისუფლად გადაკვეთის საშუალება მისცა.
სწორედ ასეთი პარტიზანული წინადადებები გვქონდა. მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა; როგორც ჩანს, პარტიზანულ საქმიანობაში სხვა რამეს გულისხმობდნენ“.
5 მარტს ხერსონის უიარაღო მცხოვრებლები ქუჩაში გავიდნენ და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პირველი მიტინგი გამართეს. ვოლოდიმირ მიკოლაენკო იხსენებს ყველაზე ხალხმრავალ მსვლელობას, რომელიც 13 მარტს გაიმართა. მაშინ 10 000-მდე ადამიანი გამოვიდა პროუკრაინული პოზიციის გამოსახატავად.
„შოკირებული ვიყავი ხალხის რაოდენობით. ვიღაცამ მითხრა, მოდი, მსვლელობა გავმართოთ, სიგრძეზე გავიშალოთ კოლონებადო. მიმაჩნდა, რომ ამ კოლონის სათავეში უნდა ვყოფილიყავი, როგორც ხელმძღვანელი, რათა ხალხისთვის მაგალითი მიმეცა. ჩვენ გვერდით გოგოები და ბიჭები უზარმაზარ დროშებს აფრიალებდნენ.
ვამაყობ უკრაინელებით.
ბევრი ახალგაზრდა იყო, რაც ასევე ძალიან შთამაგონებელი იყო. და ამ კოლონით ვიარეთ თავისუფლების მოედნიდან დიდების პარკამდე. როდესაც ტელეცენტრამდე მივედით, უკან გავიხედე, უშაკოვის გამზირის თავში ჯერ კიდევ შემოდიოდნენ მსვლელობის მონაწილეები. ამ რაოდენობის ადამიანი საბჭოთა დემონსტრაციებზეც კი არ მყავდა ნანახი.
ვამაყობ უკრაინელებით. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ვიცოდი, რომ ხერსონის ოლქს ძლიერი პროუკრაინული განწყობები ჰქონდა და რომ არ დანებდებოდა. ეს ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი რეალურად გამოვიდოდა და თავის პოზიციას გამოხატავდა, ჩემთვის გასაკვირი იყო.“
ერთ დღეს ხერსონის რეგიონულმა საბჭომ საგანგებო ონლაინ სხდომა მოიწვია. რეგიონული ადმინისტრაციის შენობა უკვე რუსეთის ჯარებს ჰქონდათ დაკავებული.
"სხდომის დროს იმართება კენჭისყრა და საბჭო ადგენს: ხერსონის ოლქი უკრაინაა", - იხსენებს ვოლოდიმირი. საბჭოს პოზიციას მხარი დაუჭირა ქალაქის მერმა იგორ კოლიხაევმა, რომელიც მოგვიანებით (2022 წლის ივნისში) ФСБ-ს თანამშრომლებმა დააკავეს. კოლიხაევი დღემდე ტყვეობაში იმყოფება.
მიკოლაენკო და მისი ოჯახი - ცოლი, ქალიშვილი და დედა - ოკუპირებულ ხერსონში დარჩნენ. 2022 წლის აპრილში ყოფილი ჩინოვნიკი შეხვედრაზე გაიტყუეს, შემდეგ კი ФСБ-ს თანამშრომლებმა გაიტაცეს.
„ტერიტორიული დაცვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიმიწვია და მითხრა, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც უნდა გადაიგზავნოს ე.წ. დიდ მიწაზე. მე მქონდა შესაძლებლობა, ჩემი ნაცნობების მეშვეობით შეტყობინებები გადამეცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის. მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიმეწოდებინა. შევთავაზე, ტელეფონით გვესაუბრა. არაო, მითხრეს, უნდა შევხვდეთ, განვიხილოთ, კონსულტაციები გავმართოთო. ეს იყო ხაფანგი.
ვფიქრობ, ის დააკავეს და გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს ჩემი ჩაბარება. როგორც კი შეხვედრის ადგილას მივედი, დიდი სიჩქარით მოვარდა მანქანა, საიდანაც იარაღიანი კაცები გადმოხტნენ და შემიპყრეს. ერთ-ერთმა იკითხა: „ეს არის?“ თანხმობის მიღების შემდეგ, მათ საბარგულში ჩამაგდეს და სარდაფში წამიყვანეს“, - ამბობს მიკოლაენკო.
დაკავება და დაკითხვები
ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ხერსონის პოლიციის განყოფილებაში, რომელიც ოკუპაციის დროს რუსმა სამხედროებმა წამების ადგილად გადააკეთეს. ცემა, დაკითხვები და აბუჩად აგდება უწყვეტად გრძელდებოდა, - ამბობს მიკოლაენკო:
„პირველივე დაკითხვაზე ФСБ-ს თანამშრომლებმა შეადგინეს ოქმი და წამიკითხეს, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ თითქოს ყველაფერი გავაკეთე, რათა რუსი ჯარისკაცები ქალაქ ხერსონში არ შესულიყვნენ. მესიამოვნა, რომ თურმე ხელი შევუშალე, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობდი, არ მგონია, რომ მათი შემოსვლის თავიდან ასაცილებლად ბევრი რამ გავაკეთე-მეთქი. უფრო ზუსტად, არაფერი გამიკეთებია მათი შესვლის თავიდან ასაცილებლად, თითქმის არაფერი, თუმცა მათმა ასეთმა შეფასებამ ძალიანა გამამხნევა.
ისე ხმამაღლა ყვიროდა, როგორც ჩანს, ყვირილისგან რაღაც სექსუალურ კმაყოფილებას იღებდა. ჩემს კანს უკვე ნამწვის სუნი ასდიოდა.
დგახარ. გეუბნებიან, კედელს ხელი დაადეო. შენც ადებ ხელს, რომელშიც მთელი ძალით გხვდება რეზინის ხელკეტი.
ამ ხელით ჭამაც კი არ შეგიძლია, გასივებული გაქვს. ასე გცემენ ქუსლებშიც, რომლებიც ასევე გისივდება და შედეგად ვეღარ დადიხარ. მოკლედ, ასეთი გასართობი აქვთ.
როცა ვერ ვუძლებდი და რაღაცას ვამბობდი, ყოველ ჯერზე თავში იმ თავის ხის ჩაქუჩს მირტყამდა გამეტებით.
ან ელექტროშოკით მაწამებდა, მთელ სხეულზე შემომატარებდა.
და ისე ყვიროდა, როგორც ჩანს, ყვირილისგან რაღაც სექსუალურ კმაყოფილებას იღებდა. ჩემს კანს კი უკვე ნამწვის სუნი ასდიოდა, გატრუსულის, ის კი ყვირის და ყვირის... მაგრამ ეს გასაკვირი არ არის... ყველას გამოუცდია ასეთი რამ“.
ტყვეობაში ყოფნისას ვოლოდიმირ მიკოლაენკო იძულებული გახდა, ინტერვიუ მიეცა რუსი პროპაგანდისტისთვის.
ჩაწერებს შორის მას სცემეს, სიკვდილით დასჯის იმიტირება მოუწყვეს (თავს ზემოთ გაისროლეს) და შემდეგ კვლავ მიუყვანეს რუსი ჟურნალისტი, რომელიც უსვამდა კითხვებს მეორე მსოფლიო ომზე, 9 მაისზე, რომან შუხევიჩზე.
„მოითხოვდნენ აღიარებას, რომ მეთქვა, ის უკრაინელი ხალხის მტერიაო, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ. ინტერვიუს იწერდნენ მარადიულ ცეცხლთან, თუმცა საწამებელ ოთახშიც ჩამწერეს, ჩვენი რეგიონული პოლიციის სამმართველოს მახლობლად. ეზოში შემიყვანდნენ და ეგრევე მცემდნენ, ასეთი ერთგვარი ინსტრუქტაჟი იყო რეზინის ხელკეტით.
არ ვიცი სხვა ბიჭებთან როგორ იყო, მაგრამ მე ძირითადად ერთი მცემდა. ყველა დანარჩენი თითქოს ინტელიგენტი იყო, მშვიდად საუბრობდნენ და არ იგინებოდნენ. ეს ჩემი ჯალათი კი მოდიოდა და ყველგან მცემდა: დაკითხვაზეც, საკანშიც. სადღაც ნახა მაიდანზე გადაღებული ჩემი ფოტოები როგორც 2014 წლის, ასევე 2018-19 წლების, როდესაც პროფკავშირების სახლი იწვოდა. თავზე მახურავს ჩაფხუტი წარწერით „ხერსონი“.
პირველად ნეკნები ხერსონში მომტეხეს, შემდეგ ვორონეჟში, შემდეგ პაკინოში მიღებისას.
მოიტანეს ასეთივე ჩაფხუტი. მოხატეს წითელი ვარსკვლავებით და დააწერეს ზედ: „რუსებო, ძმანო ჩვენნო, მაპატიეთ“. დამახურა ეს ჩაფხუტი და მიბრძანა, რომ არ მომეხადა. შემდეგ დამცხო და დამცხო ამ ჩაფხუტიან თავში. ძალიან მოსწონდა ამის კეთება. ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ უსიამოვნო იყო.
სხვათა შორის, პირველად ნეკნები ხერსონში მომტეხეს, შემდეგ ვორონეჟში, შემდეგ პაკინოში მიღებისას.“
ყოფილ მერს ასევე აიძულებდნენ, ეთანამშრომლა საოკუპაციო ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ გატაცებამდე, შემდეგ უკვე დაკითხვების დროსაც.
„წადი და იმუშავე, დაიკავე ნებისმიერი თანამდებობა, რაც გინდა. მეუბნებოდნენ და მაწვდიდნენ რაღაც ცხრილს სხვადასხვა თანამდებობით, მხოლოდ სახელი და გვარი იყო ჩასაწერი. მაშინ ჯერ არ ჰყავდათ დანიშნული სალდო, ქალაქის თავის ადგილი თავისუფალი იყო.
მერე გამოჩნდა სალდო, შემდეგ კი, აპრილის ბოლოს, ვიღაც კობეცი. არ ვიცი რა ადამიანი იყო, მაგრამ ის იყო ქალაქის თავი. ვიდრე სევასტოპოლში გამომიგზავნიდნენ, ეს კი 2 მაისი იყო, შემომთავაზეს თანამშრომლობა. დილით ადრე, სადღაც დილის 4 ან 5 საათზე, როცა სევასტოპოლში გადასაყვანად გამოგვიყვანეს, ფსბ-ს უფროსმა მითხრა, ჯერ ისევ გაქვს შანსი, რომ არ წახვიდეო. ვუთხარი, არა, წავალ-მეთქი”.
გაგვიკეთებ შპაგატებს, შაოლინის ბერივით იქნები
ხერსონიდან ვოლოდიმირ მიკოლაენკო ოკუპირებულ სევასტოპოლში გადაიყვანეს. იქიდან კი, რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკში, სადაც ხუთი თვის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. მიკოლაენკოს თქმით, ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილია.
იქ წამება მთელი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა:
„ვორონეჟში დღეში სამჯერ გვცემდნენ: დილის შემოწმებაზე, საღამოს შემოწმებაზე და როცა სასეირნოდ გავდიოდით. ამ დროს ყველა სართულზე გვხვდებოდნენ და ზურგში, თავში ან სადმე სხვაგან რეზინის ხელკეტს გვირტყამდნენ. ძაღლებს გვიქსევდნენ. ეს მათთვის ნორმა იყო. თავიდან მაინც საშინელება იყო, მაგრამ მე მაინც მუდმივად მირტყამდნენ, რადგან დერეფანში გამოსვლისას შპაგატზე ჩაჯდომას გვთხოვდნენ, რაც ჩემთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ მუდმივად მირტყამდნენ ფეხებზე და მეუბნებოდნენ, გაგვიკეთებ ჩაჯდომებს, შაოლინის ბერივით იქნებიო".
Krym.Realii-ს ჟურნალისტმა ვოლოდიმირ მიკოლაენკოს ჰკითხა, როგორ შეძლო ამ ყველაფრის ატანა და როგორ არ გატყდა?
„იცით, გვერდით იყვნენ ბიჭები, რომლებიც რთულ დროს მხარში მედგნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მარტო არ ხარ. სამწუხაროდ, ზოგი გატყდა: მაჯებს იჭრიდნენ, ყელიც გამოჭრეს, თავის ჩამოხრჩობა სცადეს. იყვნენ ასეთებიც. გულგახეთქილი ვფიქრობ, ყოველივე ამის შემდეგ როგორ უნდა აღიდგინონ ფსიქიკური ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა?! ყველა ვერ უძლებდა ამ წამებას და შიშისგან ქვეშ ისაქმებდა. როგორ უნდა აღადგინო ამ ახალგაზრდის ჯანმრთელობა? როგორ უნდა უშველო? რა უნდა გაკეთდეს?
დაბრუნდება სამშობლოში და ყოველ პატარა ხმაურზე გულისხეთქვა ექნება. როგორ უნდა უშველო? რა უნდა გაკეთდეს? არა და, ეს უნდა გაკეთდეს, რადგან ჩვენს სახელმწიფოში თითოეული სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს. საჭიროა ყოველი სიცოცხლის გადარჩენა.
მესმის, რომ ომია, ხალხი იღუპება, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც შეგვინარჩუნებს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს - ჩვენს ხალხს.“
2022 წლის 1 ოქტომბერს რუსეთის ხელისუფლებამ ვოლოდიმირ მიკოლაენკო ვლადიმირის ოლქის სოფელ პაკინოს სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანა, სადაც გათავისუფლებამდე იმყოფებოდა. ტყვეობაში არაერთხელ შეახსენეს მისი პროუკრაინული პოზიცია და საქმიანობა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ის ხერსონის მერი იყო. მონაწილეობდა „ღირსების რევოლუციაში“. 2014 წლის აპრილში კი ვოლოდიმირ მიკოლაენკომ განაცხადა, რომ ყირიმისა და დონბასის სცენარი ხერსონში არ გაუვიდოდათ.
ტყვეობაში გამახსენეს და მითხრეს, რომ ამ სიტყვების გამო ცოცხალს არ გამიშვებდნენ.
„დონეცკის, ლუჰანსკისა და ხარკოვის გუშინდელი მოვლენების გამო, მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რუსული სცენარი და პროვოკაციები ხერსონში არ გაგივათ. აქ ახლა ყველაფერი მშვიდადაა და არც იერიშის და არც პროვოკაციული შეკრების მცდელობები არ ყოფილა. ქალაქის მთავრობა, ჩემი ყველა კოლეგა და ხელქვეითი, ჩვენ არ მოვითმენთ სეპარატისტულ ინიციატივებს.“ - ციტატა ვოლოდიმირ მიკოლაენკოს 2014 წლის 7 აპრილის განცხადებიდან.
მიკოლაენკო ამბობს, რომ ხვდებოდა, რომ ყირიმის შემდეგ ხერსონი იქნებოდა.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით. ხალხს ესმოდა, რომ ყირიმიც ასე სწრაფად გადაყლაპეს, ჩაატარეს ფსევდორეფერენდუმი და მიტაცებული რეგიონები რუსულ ძირძველ მიწებად გამოაცხადეს. ჩვენ კარგად ვხვდებოდით, რა საფრთხე გველოდა.
პუტინიც გვახსოვს. როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ ლენინმა და სტალინმა შექმნეს უკრაინა და რომ ყველა ეს ტერიტორია უკრაინას მისცესო, ყველა ელოდა ხელისუფლების რეაგირებას. მაგრამ ისინი გაჩუმდნენ.
სხვაგვარად მოვიქეცი მე. შევადგინე განცხადება და შევიტანე სხდომათა დარბაზში, სადაც პუტინის განცხადების პასუხად მკაფიოდ ვთქვი, რომ რუსეთის ტერიტორიაა მოსკოვი და მის ქვეშ არსებული ჭაობები, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ან დაპყრობილი აქვთ, ან რაღაც ნაძირალობით შეძენილი.
ეს ყველაფერი გამახსენეს ტყვეობაში და მითხრეს, რომ ამ სიტყვებისთვის, სანამ ცოცხალი ვიქნებოდი, ციხეში ვიჯდები და რომ ცოცხალს არ გამიშვებდნენ.“
გაცვლის გზა
ვოლოდიმირ მიკოლაენკო გასაცვლელთა სიაში ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში შეიყვანეს.
ერთხელ თავისუფლებამდე ერთ ნაბიჯზე იყო, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, გაცვლაზე ნებაყოფლობით თქვა უარი მძიმედ დაჭრილი პატიმრის სასარგებლოდ:
„ტყვეობაში ყოფნისას პირდაპირ ვეუბნებოდი: თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ ბრძოლაში ხართ სასტიკები, თორემ ცხოვრებაში ძალიანაც გულმოწყალეები ხართ. მაპატიეთ, მაგრამ ერთ ადგილში გაიკეთეთ თქვენი მოწყალება! ეს ხალხი ჭკუიდან გადავიდა, ეს ხალხი ავადაა, მაგრამ სად არის თქვენი მოწყალება, რომლითაც ასე ამაყობთ?! რატომ არ უშვებთ მათ? განზრახ აკეთებთ, რომ მოგვიანებით თქვათ, ხედავთ, თქვენიანებს არ სურთ თქვენი წაყვანაო.
ამიტომ როგორც კი შეიქმნა სათანადო ვითარება, ვთქვი, რომ მე არ წავიდოდი, გაცვალონ ის ბიჭები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება, ჩარევა სჭირდებათ. იმ დროს ძალიან ცუდად არ ვგრძნობდი თავს.
20 რიცხვში გასაცვლელად გამიყვანეს ოთხ ბიჭთან ერთად. ერთი მთლად ბავშვი იყო, 26 ან 27 წლის. შევატყვე, ჭკუიდან იყო გადამცდარი.
20-ში სამხედრო ფორმა ჩაგვაცვეს, გაცვლისთვის მოგვამზადეს. განცხადება დავწერეთ, რომ არანაირი პრეტენზია არ გვქონდა ამ რუსული... [ადმინისტრაციის მიმართ], შემდეგ კი 21-ში საკანში დაგვაბრუნეს და გვითხრეს, რომ უკრაინას ჩვენი მიღება არ სურდა.
შემდეგ კი, უკვე 23-ში, მე და დიმიტრი ხილიუკი გამოგვიყვანეს და შეგვყარეს მანქანაში. ყველაფერ ამას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, თუმცა ჩვენთან აღარ იყო ის ავადმყოფი ბიჭი. ეტყობა, კვლავ ბანაკში დააბრუნეს. აი, მაშინ რომ მქონოდა არჩევანი მასა და ჩემ შორის, გინდა დამიჯერეთ და გინდა - არა, ვიტყოდი, ბიჭი გავუშვათ-მეთქი, რადგან მას გამოჯანმრთელების შანსი ჰქონდა, მე კი ორ-სამ თვეს თუ მეტს კიდევ გავუძლებდი. თუმცა სინამდვილეში არ ვიცი, რამდენ ხანს გავძლებდი იქ.“
2025 წლის 24 აგვისტოს ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შეხვედრას არ დასწრებიან ვოლოდიმირ მიკოლაენკოს ოჯახის წევრები. ქალიშვილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, ოჯახის სხვა წევრები კი ხერსონში რჩებიან. მათ მშობლიური ქალაქი ვოლოდიმირის გატაცების შემდეგაც არ დაუტოვებიათ. დედის სახლი დაინგრა, მისიც დაზიანდა. ამდენი წლის განმავლობაში ვოლოდიმირს ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მიკოლაენკომ არც კი იცოდა, სად იყვნენ ისინი ან ცოცხლები იყვნენ თუ არა.
„ძალიან ვნერვიულობდი დედაჩემზე, რადგან როდესაც უთხრეს, რომ დამიჭირეს, საავადმყოფოში მოხვდა - ფეხები წაერთვა. ამიტომ, როცა დავბრუნდი, ოჯახში დარეკვისაც კი მეშინოდა.
24 აგვისტოს გამათავისუფლეს, დედაჩემის დაბადების დღე კი 25-შია - 91 წლის გახდა.
სიხარულით შევიტყვე, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ დედაჩემი ცოცხალი იყო. 24 აგვისტოს გამათავისუფლეს, დედაჩემის დაბადების დღე 25-შია - 91 წლის გახდა. ტელეფონში ვუთხარი: „დედა, ძალიან მიყვარხარ!“ იცით, ამ ცხოვრებაში იშვიათად ვეუბნებით კეთილ სიტყვებს ოჯახის წევრებს.
მხოლოდ იქ ხვდები, რამდენად ძვირფასები არიან ეს ადამიანები შენთვის და რომ მათი სიცოცხლე, მათი მომავალი ყველაფერზე ძვირფასია. რაც შეეხება ქონებას - არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს!
თითქმის ყველაფერი დაენგრა დედაჩემს, ჩემს დას, ქალიშვილს, ჩემი სახლიც ძალიან დაზიანდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია.“
გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული, მაგრამ ხერსონის ყოფილი მერი უკვე მოუთმენლად ელის საქმის დაწყებასა და ქვეყნისთვის სარგებლის მოტანას, უკრაინელების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების სახით. ის ასევე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე საკუთარი თვალით ნახოს მშობლიური ხერსონი.
„იცით, ყოველდღე გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობ, რადგან მე თავისუფალი ვარ, ბიჭები კი ტყვეობაში რჩებიან. ჩემი მიზანია, ამ ბიჭების გათავისუფლება, ამიტომ შევთავაზე ირინა ვერეშჩუკს, თუ ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობას დაინახავთ, მზად ვარ უსასყიდლოდ მივიღო მონაწილეობაო. თუ უარი მითხრეს, ხერსონის აღდგენასა და დაცვაში დავეხმარები ჩემს ქვეყანას...“ - ამბობს ვოლოდიმირ მიკოლაენკო, ხერსონის ყოფილი მერი, რომელმაც რუსეთის ტყვეობაში 3,5 წელი გაატარა.
ფორუმი