Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩამიდეს ნარკოტიკები... აქციებს რატომ აფინანსებო - რა თქვა ანტონ ჩეჩინმა სასამართლოში


ანტონ ჩეჩინი, ბრალდებული სასამართლოს სხდომათა დარბაზში
ანტონ ჩეჩინი, ბრალდებული სასამართლოს სხდომათა დარბაზში

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი. მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენასა და შენახვაში სდებენ ბრალს. ეს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

დაკითხვის დაწყებამდე ბრალდებული მოწმის ტრიბუნასთან დააყენეს. მისგან მარჯვნივ და მარცხნივ ბადრაგები დადგნენ, გვერდით კი - თარჯიმანი, რომელიც რუსულიდან ქართულად თარგმნიდა ბრალდებულის მონაყოლს.

ანტონ ჩეჩინმა გაიხსენა დაკავების დღე და თქვა, რომ სინამდვილეში, ის პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააკავეს.

ეს მოხდა 2024 წლის 3 დეკემბერს მის საცხოვრებელ კორპუსთან, სამსახურში წასვლამდე.

რა თქვა ანტონ ჩეჩინმა დაკითხვისას?

ანტონ ჩეჩინის მონაყოლის თანახმად, სადარბაზოდან გამოსვლისას, პირველ სართულზე შეხვდა მისთვის უცნობ მამაკაცს, რომელიც აედევნა. გარეთ გამოსულს, კორპუსის მეორე სადარბაზოსთან შავ ტანისამოსში ჩაცმული ორი კაცი გადაეღობა, მათ პირბადეები ეკეთათ.

„მომკიდეს ხელი, მკითხეს თუ ვიყავი ანტონ ჩეჩინი და დადასტურების შემდეგ მითხრეს, რომ დამაკავეს, რადგან ვიყავი ეჭვმიტანილი ნარკოტიკების შენახვაში. შემდეგ ის ადამიანი, რომელიც სადარბაზოში ვნახე, უკნიდან მოვიდა და მომკიდა ხელი”, - ჰყვება ანტონ ჩეჩინი.

მისი თქმით, ის ავტომობილში სამ პოლიციელთან ერთად ჩასვეს, „სულ ოთხნი იყვნენ”, პოლიციელების ფორმა არ ეცვათ, თუმცა „საბუთები მოგვიანებით წარუდგინეს”. ანტონ ჩეჩინის თქმით, ისინი დამამცირებლად ექცეოდნენ და ერთ-ერთმა თავში ხელიც წამოარტყა.

„მეუბნებოდნენ, რატომ წამლავ საქართველოს მოქალაქეებსო”, - ამბობს ჩეჩინი დაკითხვისას.

ის ქრონოლოგიურად ჰყვება მომხდარს, შემდეგი ეპიზოდი ავტომობილში ჩხრეკაა.

„ამომიღეს მონეტები, power bank-ი [პორტატული დამტენი - რ.თ.], ტელეფონი. მთხოვეს ტელეფონი გამეხსნა, რაზეც მე უარი ვთქვი იმიტომ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, არც ავტომობილს ჰქონდა პოლიციის ნიშანი. პირველი ჩხრეკის შემდეგ კიდევ ერთხელ გამისინჯეს ჯიბეები. რომ დარწმუნდნენ, რომ მეტი არაფერი არ იყო, ერთმა პოლიციელმა, რომელიც საჭესთან იჯდა, მითხრა, ქურთუკი გამეხადა და მიმეცა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც ჩემ მარჯვნივ იჯდა”, - ამბობს ჩეჩინი.

ის ვარაუდობს, რო სწორედ ამ დროს ჩაუდეს ნარკოტიკი.

თარჯიმანი - ე.წ. ნეიტრალური მოწმე?

მას შემდეგ, რაც ქურთუკი დაუბრუნეს, ავტომობილში მჯდომ პოლიციელებს, ანტონ ჩეჩინის მონაყოლის თანახმად, კიდევ ერთი შეემატა, ის გაეცნო, როგორც გამომძიებელი.

„მთხოვეს, რომ ისევ ჩამეცვა ქურთუკი. ამის შემდეგ ისევ დამიწყეს შემოწმება და ამ მომენტში მოვიდა გამომძიებელი, დაჯდა წინა მარჯვენა სავარძელში, ჩაიცვეს თანამშრომლებმა ხელთათმანები და ჯიბიდან ამოიღეს პარკები...დადეს სავარძელზე, წინა ორ სკამს შორის. რამდენიმე წუთში ჩემ მარცხნივ რომელი თანამშრომელიც იჯდა, გადავიდა და მის ადგილას თარჯიმანი დაჯდა....ჩამიდეს ნარკოტიკები. მე ვუთხარი, რომ ბოლოს მაინც ყველა გაიგებდა სიმართლეს...

თარჯიმანმა პირდაპირ დაიწყო საუბარი, რომ საბუთებზე ხელი უნდა მომეწერა. ამის შემდეგ გამომძიებელმა მომცა დოკუმენტი. მე არ ვიყავი თანახმა, ამ ოქმზე ხელი მომეწერა. იქ არ ეწერა, რომ ნარკოტიკები ჩემი არ იყო. ჩემ თვალწინ არ დაულუქავთ მათ არაფერი. მომთხოვეს ხელმოწერა, მაგრამ დალუქული არ იყო არცერთი კონვერტი. წამიყვანეს დეპარტამენტში...”

ანტონ ჩეჩინის თქმით, თარჯიმანი საერთოდ არ შესწრებია ნარკოტიკების პოვნის მომენტს, არადა, ის საქმეში ფიგურირებს, როგორც ე.წ. ნეიტრალური მოწმე, რომელიც თავიდან ბოლომდე ესწრებოდა ჩხრეკას და შეუძლია ობიექტურად აღწეროს მომხდარი.

პროკურატურის ნეიტრალური მოწმეა თარჯიმანი შორენა ტაბატაძე. ის ასევე ფიგურირებს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის კიდევ ორი მოქალაქის - ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის - საქმეშიც. ისინიც, ანტონ ჩეჩინის მსგავსად, დაკავებას პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის მხარდაჭერას უკავშირებენ.

ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის თქმით, ის ვერ ჩაითვლება საგამოძიებო მოქმედებების მიუკერძოებელ დამკვირვებლად.

რატომ?

ამისთვის მან რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, მათ შორის თქვა, რომ:

  • საქმის გამომძიებლის, ზურაბ რუსიშვილისა და თარჯიმნის, შორენა ტაბატაძის ჩვენებები სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს;
  • თარჯიმანი არ შეიძლება იყოს ნეიტრალური მოწმე, რადგან პროცესის მონაწილეა.


„იყო დაშინების მომენტები”

ანტონ ჩეჩინის თქმით, ავტომობილში მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, თუმცა „იყო დაშინების მომენტები”. იგი ამბობს, რომ განყოფილებაში დამხვედრ პოლიციელებს ჰკითხა, „რატომ ჩაუდეს ნარკოტიკები”.

„შემდეგ ბრალი დამდეს, რომ მე ვიყავი პროტესტების ორგანიზატორი. მე ვუთხარი, რომ ეს ასე არ იყო”, - ამბობს ჩეჩინი. მის მონაყოლს თარჯიმანი ქართულად თარგმნის.

ბრალდებულის თქმით, მას ერთ-ერთმა გამომძიებელმა ურჩია, რომ ნარკოლოგიური შემოწმება გაევლო, მას უარი არ უთქვამს, თუმცა დოკუმენტში, რომელიც ხელის მოსაწერად მიუტანეს, „ეწერა, რომ მან უარი თქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე”.

ადვოკატი: საიდან იცოდით, რომ ეს ეწერა დოკუმენტზე?

ჩეჩინი: ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა რუსულად.

ბრალდებულ ჩეჩინს მისმა ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ აქციებში მონაწილეობაზეც დაუსვა კითხვები. ანტონ ჩეჩინმა დაადასტურა, რომ ის ხშირად მონაწილეობდა პროევროპულ დემონსტრაციებში, „თითქმის სულ იქ იყო“.

ანტონ ჩეჩინის თქმით, ის პროტესტს რუსეთიდან ჩამოსვლისთანავე შეუერთდა. პირველი აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, უკრაინის მხარდასაჭერად იმართებოდა.

„ამ აქციებზე ნაწილობრივ დავდიოდი. მერე იყო აქციები "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ და მანდაც ვმონაწილეობდი. ყველაფერი მიდის ისე, როგორც რუსეთში და აქედან გამომდინარე, რა აქციაც იყო, ყველგან დავდიოდი... მე ვეხმარებოდი პოლიციელების ხელით დაზარალებულებს, ან წიწაკის სპრეით, ან სხვა გზით [მოწამლულებს]”, - ამბობს ჩეჩინი.

ადმინისტრაციული დევნა

ანტონ ჩეჩინმა 2024 წლის 18 ნოემბერიც გაიხსენა. მისი თქმით, იმ დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაემუქრნენ კიდეც. 18 ნოემბრის ამბები მოხვდა მისი ცოლის, მანანა სამხარაძის ჩვენებაშიც. ის სასამართლოში გუშინ დაკითხეს.

„გაჩხრიკეს, დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა აქციებზე სიარული, თორემ ნახავდა, რაც მოუვიდოდა. ისინი დაინტერესდნენ ანტონისა და ჩემი სამუშაო ადგილითაც. ყველაფერი ნახეს ეკრანზე, რადგან ვიცი, რომ ჩემი ფოტო აჩვენეს და დაუსვეს ჩემზე კითხვები. შეამოწმეს მისი ტელეფონი, უთხრეს, რომ ყველაფერი სუფთა იყო. შეადგინეს ოქმი და ანტონმა მისი ასლის გადაცემა მოითხოვა, უარი მიიღო და უთხრეს, რომ წასულიყო”, - ჰყვება მანანა სამხარაძე 18 ნოემბრის ამბავს.

აქედან თითქმის სამ კვირაში, 2024 წლის 3 დეკემბერს, დილით, ანტონ ჩეჩინი სახლთან დააკავეს. მას დიდ რაოდენობით ნარკოტიკების შეძენასა და შენახვას ედავებიან.

„ანტონ ჩეჩინის ჩვენება წყალს უყენებს პროკურატურის მტკიცებას, რომ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს, რის გამოც ვერ მოხდა ჩხრეკის ვიდეოგადაღება...მას ნარკოტიკი ჩაუდეს”, - ამბობს ადვოკატი.

ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს (სულ ოთხი) ერთი პრობლემა აქვს - ადვოკატების თქმით, ჩხრეკა ყველა შემთხვევაში ნეიტრალური მოწმის გარეშე ჩატარდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამასთან, ჩხრეკის პროცესი არ გადაუღია პოლიციას, ანუ არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რაც საპროცესო კოდექსით, ნეიტრალური მოწმის არყოლის შემთხვევაში, სავალდებულოა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ როდესაც პირს ჩხრეკენ და მისგან ნივთს იღებენ, ამ ჩხრეკის პროცესს უნდა ესწრებოდეს ან სხვა ნეიტრალური პირი, გარდა პოლიციელებისა, ან პოლიციელებმა ვიდეო უნდა გადაიღონ და ამ გზით ჩხრეკის კანონიერებაზე ობიექტური მტკიცებულებები შექმნან.

ბრალდებულის დაკითხვა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება. პროკურორ შმაგი გობეჯიშვილს მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG