რომის პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონია დაიწყება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე. მანამდე, 23 აპრილს, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან, ფრანცისკეს ცხედარს წმინდა პეტრეს ტაძარში, არა გავალაკიან კატაფალკზე, არამედ სახურავახდილ კუბოში დაასვენებენ.
2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში პაპმა ფრანცისკემ თავისი დაკრძალვის ცერემონიის ნაკლებად პომპეზურად ჩატარება დაიბარა, რათა ჩვეულებრივი ქრისტიანის დაკრძალვას დამსგავსებოდა.
2024 წლის აპრილში კი პაპების დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიის ტრადიციულად რთული, პომპეზური რიტუალებიც გაამარტივა.
ფრანცისკემდე პონტიფექსებს კრძალავდნენ სამ ერთმანეთში ჩასმულ კვიპაროსის, ტყვიისა და მუხის კუბოში.
პაპმა ფრანცისკემ უარი თქვა როგორც კუბოს საჯარო დალუქვის ცერემონიაზე, ასევე ჩასასვენებელში თავისი პონტიფიკატის დროს მოჭრილი მონეტებისა და გაწეული ღვაწლის მოკლე აღწერის ჩატანებაზე.
ანდერძის მიხედვით, ფრანცისკემ აირჩია თუთიით გაწყობილი უბრალო ხის კუბო და ითხოვა, დამარხვა არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ რომში, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.
ანდერძის ტექსტში მითითებულია დაკრძალვის ზუსტი ადგილი (თავისი სქემით) - ბაზილიკის განაპირა ნავი: "აკლდამა უნდა იყოს მიწაში; მარტივი, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით [ლათინურად]: Franciscus."
მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკესთან გამოსათხოვებლად ვატიკანში ჩავა. მათ შორის არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა და არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, რომელიც პაპ ფრანცისკეს თანამემამულეა.
უკრაინული მედიის ცნობით, ვატიკანში ჩასვლას აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პაპობის სავარაუდო კანდიდატები
საერთაშორისო მედია უკვე ასახელებს პაპობის სავარაუდო კანდიდატებს.
გარდაცვლილი ფრანცისკეს პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევა ოცამდე კარდინალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კონკლავში.
პიეტრო პაროლინი (Pietro Parolin) - იტალიური გამოცემა La Stampa პაპობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ასახელებს 70 წლის პიეტრო პაროლინის - ვატიკანის ამჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, რომელიც ამ პოსტს 2013 წლიდან იკავებს და რომის კათოლიკური ეკლესიის იერარქიაში მეორე პირად მიიჩნევა. გაზეთმა აღნიშნა, რომ პაროლინი შეძლებს "ეკლესიის ღიაობის შენარჩუნებას".
იტალიური გამოცემის სიაში ასევე არიან:
მატეო ძუპი (Matteo Zuppi) - 69 წლის კარდინალი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი, იტალიის ეპისკოპოსთა საკრებულოს (ეპისკოპატის) პრეზიდენტი და ვატიკანის ელჩი უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. მასზე ამბობენ, რომ "ახლოსაა გაჭირვებულებთან“ და შეუძლია დიალოგის წარმართვა "ნოვატორული და პრაგმატული მიდგომით".
პიერბატისტა პიცაბალლა (Pierbattista Pizzaballa) - 60 წლის იერუსალიმის ლათინური პატრიარქი, ისრაელის პირველი იტალიური წარმოშობის კარდინალი, რომელიც, La Stampa-ს მიხედვით, შეიძლება აირჩიონ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობების დარეგულირების, ასევე რელიგიათაშორისი დიალოგის უნარის გამო.
ლუის ტაგლე (Luis Antonio Tagle) - 67 წლის ფილიპინელი კარდინალი, რომელიც კათოლიკური აზიის სახედ მიიჩნევა. ის შეიძლება აირჩიონ პონტიფექსად, როგორც „სიმბოლო მისიონერული და ახალგაზრდა ეკლესიისა".
ჟან-მარკ აველინი (Jean-Marc Aveline) - 66 წლის ფრანგი კარდინალი, რომელიც რელიგიათაშორისი დიალოგის (განსაკუთრებით ისლამთან) ექსპერტად მიიჩნევა.
სიაში ასევე მოხვდნენ: მალტელი კარდინალი მარიო გრეკი (Mario Grech); უნგრელი კარდინალი პეტერ ერდე (Péter Erdő); პორტუგალიელი კარდინალი ჟოზე ტოლენტინო დე მენდონსა (osé Tolentino Calaça de Mendonça); კონგოელი კარდინალი ფრიდოლინ ამბონგო ბეზუნგუ (Fridolin Ambongo Besungu); ნიდერლანდელი კარდინალი ვილემ ეიკი (Willem Jacobus Eijk); შვედი კარდინალი ლარს ანდერს არბორელიუსი (Anders Arborelius); კარდინალი მალკოლმ რანჯიტი (Albert Malcolm Ranjith) შრი-ლანკიდან; ბირმანელი კარდინალი ჩარლზ ბო (Charles Maung Bo); გვინეის კარდინალი რობერ სარა (Robert Sarah).
შედარებით ლაკონიურია Reuters-ის სია, თუმცა მასშიც არიან იტალიურ მედიაში მოხსენიებული პიეტრო პაროლინი, ჟან-მარკ აველინი, პეტერ ერდე, მარიო გრეკი, ლუის ტაგლე და მატეო ძუპი. გარდა ამისა, ბრიტანულმა სააგენტომ თავის სიაში შეიყვანა:
- 79 წლის კარდინალი, ბარსელონის არქიეპისკოპოსი ხუან ომელა (Juan José Omella y Omella);
- 72 წლის კარდინალი, ნიუარკის არქიეპისკოპოსი ჯოზეფ ტობინი (Joseph William Tobin);
- 76 წლის განელი კარდინალი პიტერ ტურკსონი (Peter Turkson).
Financial Times-ის სიაშიც ფიგურირებენ კარდინალები: პაროლინი, ძუპი, პიცაბალლა, სარა, ტაგლე, აველინი და ერდე. და კიდევ:
რობერტ პრევო (Robert Francis Prevost) - 69 წლის არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსთა საქმეების დიკასტერიის პრეფექტი, რომელიც ჩიკაგოშია დაბადებული და პერუში მსახურობდა;
ფრიდოლინ ბესუნგუ (Fridolin Ambongo Besungu) - 65 წლის კინშასის არქიეპისკოპოსი.
ვინ და როგორ ირჩევს ახალ პაპს?
ახალი პაპი უნდა აირჩიოს კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი რანგის იერარქების ერთობამ, კარდინალთა კოლეგიამ, რომლის წევრებსაც ნიშნავს თავად პაპი და რომლებიც, როგორც წესი, ხელდასხმული ეპისკოპოსები არიან. ამასთან, ყველა კარდინალი მამაკაცია.
ახალი პაპისათვის ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ „პაპაბილებს“ ანუ მათ, ვისაც ჯერ არ შესრულებია 80 წელი. ამჟამად კოლეგიაში შედის 252 კათოლიკე კარდინალი, რომელთაგან ხმის მიცემის უფლება აქვს 195-ს. დანარჩენებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დებატებში, თუ ვინ უნდა დაიკავოს ახალი პონტიფექსის ადგილი.
კონკლავი
როდესაც რომის პაპი კვდება (ან გადადგება, როგორც ეს მოხდა პაპ ბენედიქტე XVI-ს შემთხვევაში 2013 წელს), კარდინალებს იწვევენ შეკრებაზე ვატიკანში, რის შემდეგაც მკაცრად იზოლირებულ გარემოში იმართება არჩევნები - კონკლავი (cum clave – ლათინურად ნიშნავს „გასაღებით”). არჩევნები ტარდება სიქსტეს კაპელაში - არავის შეუძლია შესვლა და არც ინფორმაციის გამოტანა.
პაპის გარდაცვალებიდან და მისი მემკვიდრის არჩევამდე ეკლესიას მართავს კარდინალთა კოლეგია, ხოლო წმინდა საყდარი ითვლება ვაკანტურად.
თითოეული კარდინალი ხმას აძლევს სასურველ კანდიდატს მანამ, ვიდრე გამარჯვებული არ იქნება არჩეული - ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, რადგან პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების 2/3-ს პლუს ერთი ხმა (ამ შემთხვევაში 90+1=91). კენჭისყრა შეიძლება გაგრძელეს კვირების ან თვეების განმავლობაში.
რეგლამენტის თანახმად, დღეში ტარდება ორი კენჭისყრა დილით, ორიც - საღამოს, ანუ დღეში მაქსიმუმ ოთხი ტური.
კარდინალები ფურცელზე წერენ იმ კარდინალის სახელს, რომელსაც პაპად ირჩევენ. ბიულეტენების შეგროვება და დათვლა ხდება საგულდაგულოდ – თითოეული ბიულეტენის შემოწმებით.
როგორც კი ერთი კარდინალი იღებს საკმარის ხმებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში 91-ს), მას ეკითხებიან: „Acceptasne electionem?“ – „თანხმდები არჩევაზე?“ თუ თანხმდება, ის თავისთვის ირჩევს პონტიფექსის სახელს.
არჩევნების მიმდინარეობისას ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც ამოდის ბუხრის მილიდან სიქსტეს კაპელის თავზე, ბიულეტენების მორიგი პარტიის დაწვის შემდეგ. თუ კვამლი შავია, ეს ნიშნავს, რომ კონკლავი ვერ შეთანხმდა და კენჭისყრა გრძელდება.
თუ მილში თეთრი კვამლი ამოვიდა, ეს იმის ნიშანია, რომ ახალი პონტიფექსი არჩეულია.
კარდინალთა კოლეგიის დეკანი წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარ აივანზე გამოვა და გამოაცხადებს: Habemus Papam („გვყავს პაპი“).
ამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში, ახალი პაპიც გამოჩნდება და დალოცავს მოედანზე შეკრებილ ხალხს.
ვინ შეიძლება იყოს რომის პაპი?
თეორიულად ნებისმიერი მონათლული კათოლიკე მამაკაცი შეიძლება განიხილებოდეს პაპობის კანდიდატად, თუმცა პრაქტიკაში კარდინალები, როგორც წესი, მომავალ პაპს ირჩევენ თავიანთი რიგებიდან.
როდესაც 2013 წლის წინა კონკლავზე პაპად აირჩიეს არგენტინელი ფრანცისკე, აღმოჩნდა, რომ ის იყო პირველი პონტიფექსი სამხრეთ ამერიკიდან - რეგიონიდან, რომელზეც მოდის მსოფლიოს კათოლიკეთა თითქმის მესამედი.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, კარდინალები, როგორც წესი, ირჩევენ ევროპელებს, უპირატესად კი იტალიელებს: 266 პაპიდან, რომლებიც აქამდე აირჩიეს, 217 იტალიიდან იყო.
ვინ იყო ფრანცისკე?
პაპი ფრანცისკე, პაპობამდე ხორხე მარიო ბერგოლიო, დაიბადა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში. 2013 წელს აირჩიეს რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე პაპად, ფრანცისკე იყო პირველი ლათინოამერიკელი, რომელმაც დაიკავა წმ. პეტრეს ტახტი, პირველი იეზუიტი პაპთა შორის და პირველი პონტიფექსი ბოლო ათასი წლის განმავლობაში, რომელიც დაიბადა ევროპის ფარგლებს გარეთ.
თავდაპირველად, იტალიელი ემიგრანტების შვილი ხორხე მარიო ბერგოლიო მუშაობდა ქიმიკოს-ტექნოლოგად, თუმცა 1958 წელს მომავალმა პაპმა გადაწყვიტა თავისი ბედი ეკლესიისათვის დაეკავშირებინა და იეზუიტთა ორდენს შეუერთდა. 11 წლის შემდეგ მღვდლად აკურთხეს. 1973-დან 1979 წლამდე იყო არგენტინელი იეზუიტების უზენაესი (ხელმძღვანელი). 1998 წელს დაინიშნა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად. სამი წლის შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი კარდინალთა კოლეგიაში შეიყვანა.
2013 წელს, პაპ ბენედიქტე XVI-ის გადადგომის შემდეგ, კარდინალთა კონკლავმა ხორხე მარიო ბერგოლიო აირჩია რომის ახალ პაპად, რომელმაც დაირქვა სახელი ფრანცისკე, წმ. ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად და ნიშნად "მორჩილებისა და ღარიბების მიმართ ერთგულებისა".
ფრანცისკეს პაპობა
პაპი ფრანცისკე თავის საჯარო გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებდა მოწყალებაზე, სოციალურ სამართლიანობასა და გარემოს დაცვაზე.
2015 წელს პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ენციკლიკა Laudato si („დიდება შენდა“), რომლითაც მოუწოდა მსოფლიოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ქმედებებისა და გარემოზე ზრუნვისკენ.
ფრანცისკემ ასევე გააძლიერა კონფესიათა შორისი (ინტერრელიგიური) დიალოგი, კერძოდ, 2019 წელს მან ეგვიპტის ალ-აზჰარის მეჩეთის დიდ იმამთან, აჰმედ მუჰამად ალ-ტაიბთან ერთად, ხელი მოაწერა დოკუმენტს „ადამიანური ძმობის შესახებ“ - ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობას.
პაპი ფრანცისკე ცნობილი იყო თავისი მიდგომით "ღარიბი ეკლესია ღარიბებისთვის" და ხელს უწვდიდა მარგინალიზებულ თემებს.
მან დიდი ძალისხმევა გასწია ვატიკანის ფინანსური სისტემის რეფორმირებასა და ეკლესიაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
2025 წელს გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია "იმედი", რომელშიც დეტალურად ისაუბრა თავის ცხოვრებასა და პაპობის მისიაზე.
ბოლო წლებში რომის პაპის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2021 და 2023 წლებში მან გადაიტანა ორი ოპერაცია მუცლის ღრუში. პაპ ფრანცისკეს ასევე ჰქონდა პრობლემები საყრდენ-მამოძრავებელ აპარატთან, რის გამოც ხშირად გადაადგილდებოდა ეტლით.
თუმცა, ამის მიუხედავად, ვატიკანში აცხადებენ, რომ ფრანცისკე იცავდა მკაცრ გრაფიკს და აგრძელებდა მწყემსთმთავრის მოვალეობების შესრულებას და ბევრს მოგზაურობდა.
2025 წლის დასაწყისში პაპ ფრანცისკეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექციის გამო, რომელიც ორმაგ პნევმონიაში გადაიზარდა. მისი მდგომარეობა მოითხოვდა ხანგრძლივ ყოფნას საავადმყოფოში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფრანცისკემ 20 აპრილს მაინც წარმოთქვა ტრადიციული სააღდგომო კურთხევა Urbi et Orbi (ქალაქსა და მსოფლიოს).
"ბედნიერი აღდგომა", - წარმოთქვა წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან არგენტინელმა პონტიფექსმა სუსტი ხმით.
ფრანცისკე და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ
პაპმა ფრანცისკემ ბოლო ყოველწლიურ ლოცვაში "ანგელოზი უფლისა" თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავი, 24 თებერვალი, არის "მტკივნეული და სამარცხვინო მოვლენა მთელი კაცობრიობისთვის". მან ასევე გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებით პონტიფექსმა უკანასკნელად სცადა ვატიკანის ძალისხმევა მიემართა ომის წინააღმდეგ.
თუმცა ფრანცისკეს წინა განცხადებები, მთლიანობაში, შეიძლება განიმარტოს, როგორც შერიგების მოწოდება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ უკრაინაში. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია 2024 წლის მარტში გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც ფრანცისკემ მოუწოდა უკრაინას, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ეპოვა "მამაცობა თეთრი დროშის ასაწევად". მოგვიანებით პაპმა განაცხადა, რომ "მშვიდობის უპირველესი პირობაა, რუსეთმა შეწყვიტოს თავისი აგრესია".
როგორც უკრაინული მედია წერს, მთლიანობაში, პაპობის განმავლობაში, ფრანცისკე თავს არიდებდა რუსეთის კონკრეტულ კრიტიკას უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის გამო, რამაც ბევრის იმედგაცრუება გამოიწვია.
2022 წლის ივნისში პაპმა ფრანცისკემ, მართალია, დაგმო რუსული ჯარების "სისასტიკე", მაგრამ იმავდროულად გამოთქვა ვარაუდი, რომ ომი "შესაძლოა, გარკვეულწილად პროვოცირებული იყო", რაც პირდაპირ ეხმიანება კრემლის მთავარ თეზისს, რომელიც დაუსაბუთებლად ადანაშაულებს უკრაინას იმაში, რომ სწორედ მან მოახდინა დიდი ომის პროვოცირება.
მოსკოვის აგრესიული ქმედებების დაგმობის მიუხედავად, ფრანცისკეს არასოდეს უხსენებია უშუალოდ პუტინი. განსვენებული პაპი ყოველთვის ცდილობდა თანაბარი დისტანცია დაეცვა "ტანჯულ უკრაინელ ხალხსა“ და "დიდ რუს ხალხს" შორის, რაც ასევე იწვევდა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკიდურესად დაზარალებული უკრაინელების უკმაყოფილებას.
"კვლავ მსხვერპლისა და აგრესორის გათანაბრების მცდელობა", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2023 წელს პაპის ერთ-ერთი განცხადების კომენტირებისას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორჯერ შეხვდა პაპ ფრანცისკეს ვატიკანში: 2023 წლის მაისში და 2024 წლის ოქტომბერში იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს.
უკრაინის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიიწვია ფრანცისკე უკრაინაში, თუმცა 88 წლის პონტიფექსი ისე გარდაიცვალა, რომ უკრაინის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს.
ფორუმი